მწერალი ლაშა ბუღაძე:
მთელი დღე ეს ლაღი, თავისუფალი და ბედნიერი ნამღერი ჩამესმის, აკაკის “ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტო” – სულხან ცინცაძის მელოდიის გზა რომ გაიარა, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის სიტყვებითაც ამ გზაზე და აი, კორძის ენერგიით და ტალანტით რომ ამოსკდა ამდენ ბედნიერ და ნიჭიერ ადამიანთან ერთად… როგორი ახალია ეს ხმა და როგორ აცოცხლებს და ათავისუფლებს ეს ენერგია წარსულსაც კი წითელ-რუსული დამღისა და დავიწყებისგან. რამდენი “გადაფარული” და აკრძალული დრამა და ბრძოლის ისტორია იმალება ამ თითქოსდა ოპტიმისტური მელოდიისა და სიტყვების უკან: რამდენი ფენაა…
აკაკის “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო” ხომ ის სიტყვებია “განთიადიდან”, რომელიც რუსების მიერ მოკლულ თავდადებულ გმირს, დიმიტრი ყიფიანს მიეძღვნა – ქართველი ერის მაწყევარი ეგზარქოსი პავლე რომ ამხილა და ბოდიშის მოხდა მოთხოვა! რამდენ ისტორიას ინახავს ეს ლექსიც, ეს მკვლელობაც და ამ სიტყვების 70 წლით აკრძალული ნამდვილი შინაარსიც – თავისუფლების მანიფესტი რომ არის დღესაც…
ანდაც, რა განა ბევრისთვის არის ცნობილი, რომ პეტრე გრუზინსკის თითქოსდა უვნებელი ლირიკის უკან საბჭოთა რეპრესიული სისტემის მიერ ნაწამები, იძულებითი სადამსჯელო ფსიქიატრიით თითქმის სიკვდილამდე მიყვანილი პატრიოტის ტრაგედია იმალება?! პოეტს ბუნებრივია ანტისაბჭოთა ლექსების წერა არ ეპატია ორმოციან წლებში (არალეგალური ჟურნალი “ანათემა…” ანათემა სტალინიზმს…) და მას წლები ტანჯავდნენ ციხის ჯალათი-ფსიქიატრები… ბრალდებად რომ ჰქონდა ერეკლე მეორისა და გიორგი მეთორმეტის შთამომავლად ყოფნაც.
არათუ მხოლოდ ბიოგრაფიები და ისტორია, არამედ რამდენი “ამბავი” გადათელა რუსულმა ტერორმა…
და მაინც ვერ!
მიყვარს ის ეპიზოდი, როცა ეპისკოპოსმა ოქროპირიძემ დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვაზე ხალხთან ერთად გაარღვია პოლიციელთა ღობე და გმირის ცხედარი რუს ნამესტნიკ დონდუკოვ-კორსაკოვს ჩაუტარა დარაბებდახურული სასახლის წინ… ილია ჭავჭავაძეც რომ იმ ხალხში დგას და სასახლის ქუჩაზე გავლას უკრძალავენ პროცესიას, რაკი ხვდებიან, რომ ეს არა მხოლოდ გმირისთვის პატივის მიგება, არამედ ეროვნული დემონსტრაციაც არის!.. განა ეს იგივე ქუჩა არაა – რუსთაველის – სადაც დღესაც ვდგავართ და სულ ვიდექით, ვისაც “იმედი არ დაგვიკარგავს ჩვენი მზისა და მთვარისა…”
რა ღობე დაუდგება ამ ხმებს, რაც გუშინ გაისმა და ყველას რომ ეს გვემღერება: “ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხო, ჩემო სამშობლო მხარეო…”
ეს ბრძოლა ხომ არა მხოლოდ მომავლისთვის, არამედ წარსულისთვისაცაა! ისტორია და მომავალი შეხვდნენ ერთმანეთს…
ბოლოს და ბოლოს, ვინ დაუდგება ამ ძალას?!




