მიმაჩნია, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ყაველაშვილის დასწრება არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე ყოფნის შედეგი – ირანი ჩვენი მეზობელი დიდი ხანი იყო, მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენს წინაპრებს შაჰ აბასის ან აღა მაჰმად ხანის გარდაცვალების გამო გლოვა გამოეცხადებინათ , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ფოფხაძეს მიაჩნია, რომ აიათოლა ხამენეი იყო დიქტატორი, რომელმაც ათასობით მშვიდობიანი ადამიანი დახოცა, ხოლო აშშ-ის მხრიდან მისი ლიკვიდაცია სტრატეგიული მოკავშირის პოზიციებიდან უნდა შეფასდეს.
ოპოზიციონერის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება, ირანში ყაველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს რუსულ ორბიტაზე პოზიციონირების გაგრძელებაა, ხოლო „ტირანული რეჟიმის“ მიმართ ემპათია მეზობლობის არგუმენტით ვერ გამართლდება.
გედევან ფოფხაძის თქმით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე წასვლა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.
„კაცობრიობას აქვს უფლება, დიქტატორების და ტირანების სიკვდილი არ ეწყინოს და ხშირ შემთხვევაში გაუხარდეს კიდეც. აიათოლა თუ ვინმესთვის სულიერი ლიდერია, ეს იმ ადამიანების მორალური და რელიგიური მსოფლმხედველობის საკითხია, ჩემთვის ის არის ჩვეულებრივი ტირანი, რომელმაც დახოცა ათასობით ადამიანი. შენი მეზობელი თუ ფაშიზმს გამოაცხადებს და საკონცენტრაციო ბანაკებს გახსნის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გააგრძელო კეთილმეზობლური ურთიერთობა. როცა ქუჩაში მშვიდობიან მიტინგზე ათასობით ადამიანს ვიღაცა ხოცავს, ეს არის მისი პოლიტიკური სტანდარტი და შენი დამოკიდებულება უნდა იყოს ადეკვატური. აიათოლა ხამენეი არ გარდაცვლილა მაღალი წნევით ან შაქრის დიდი ოდენობით სისხლში, ეს იყო კონფლიქტი, რომლის მხარეც არის აშშ და ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ ვთვლით აშშ-ს.
ასეთ გადაწყვეტილებას ივანიშვილის გარეშე ყაველაშვილი და კობახიძე ვერ მიიღებს. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ უნდა წავიდეს და მიდის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე ყოფნის შედეგი, რის გამოც მივიღეთ ასევე რუსული კანონი და შევწყვიტეთ მოლაპარაკების პროცესი, ეს არის გაგრძელება. ირანელი ხალხის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, მათ მიმართ უნდა გვქონდეს ემპათია, მაგრამ არა ტირანის მიმართ. ამ ვითარებაში იქ გამოჩენა არის რუსული ორბიტის პოლიტიკური სტანდარტი. ჩავა ყაველაშვილი იქ და დაინახავს იმ პოტენციურ მსხვერპლს, რომელიც მომავალი ანტიტერორისტული ოპერაციის სამიზნე იქნება. ის რეჟიმი, რაც დღეს ირანშია, ვერ გახდება ჩვენი მოკავშირე. ირანი ჩვენი მეზობელი დიდი ხანი იყო, მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენს წინაპრებს შაჰ აბასის ან აღა მაჰმად ხანის გარდაცვალების გამო გლოვა გამოეცხადებინათ. მეზობლობა არ უნდა იყოს იმის განმსაზღვრელი, სად მიდიხარ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძე გადაცემაში აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე პრემიერ-მინისტრის მიწვევასაც გამოეხმაურა.
ფოფხაძის თქმით, ეს არის დიპლომატიური კომუნიკაცია და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამით აშშ „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს.
„დიპლომატიური კომუნიკაცია არ უნდა აგვერიოს იმ დიპლომატიური ურთიერთობების ხარისხში, რაც პარტნიორებს შორისაა. ჩვენს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ გაუქმებულა. აშშ საქართველოს უყურებს ისტორიულ განზომილებაში და არ უყურებს როგორც მოცემულობას და „ქართულ ოცნებას“, უყურებს სახელმწიფოს და არა დე ფაქტო ხელისუფლებას. სტრატეგიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მათი მხრიდან არ შეიცვლება, მათ საქართველო მიაჩნიათ თავიანთ პარტნიორად. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამერიკასთან ურთიერთობები იყოს დისტანცირებული და აჩვენებს იმას, რომ ის არის რუსულ ორბიტაზე, მაგრამ ეს მე არ მიმაჩნია ამერიკისთვის პრობლემად და კომუნიკაციის ხარისხი არ უნდა აღვიქვათ იმათ, რომ ამერიკა „ქართულ ოცნებას“ როგორც ხელისუფლება აძლიერებს. ეს ასე არ იქნება, დარწმუნებული ვარ. ქართულ დემოკრატიას ამერიკა დაიცავს ისე, როგორც მას სჩვევია, უბრალოდ იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც აქ არის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
რაც შეეხება აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე პროტესტის დროს დაკავებული ადამიანების მიწვევას, გედევან ფოფხაძე აცხადებს: „აშშ-ს საელჩომ გადაწყვიტა ასე და ამით ხაზი გაუსვეს იმას, რომ მხარს უჭერენ ქვეყანაში დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს“.




