„ქართული ოცნების“ დეპუტატი ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე – რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ

ჩვენი რეგიონის ლიდერები ერთად ჩავლენ ამ ცერემონიაზე და ერთად დაესწრებიან – მე ამაში ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო დასწრებას ეხებოდა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ის ნეიტრალური პოზიციაა მნიშვნელოვანი, რომელიც საქართველოს, მათ შორის, ამერიკა-ირანის კონფლიქტის განმავლობაში ეჭირა.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს არის მთავრობა, ირანის ხელისუფლებას ვგულისხმობ, რომელთანაც ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებია უმნიშვნელოვანესი და ის ნეიტრალური პოზიცია, რომელიც საქართველოს მთელი ამ ამერიკა-ირანის კონფლიქტის განმავლობაში ეჭირა.

აქედან გამომდინარე, ჩვენი რეგიონის ლიდერები, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს ვგულისხმობ, ერთად ჩავლენ ამ ცერემონიაზე და ერთად დაესწრებიან. მე ამაში ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი  ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.