დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „აჟიოტაჟური მოთხოვნის შემცირების” მიზნით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთი სხვა ქვეყნებთან ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ კონტაქტებს ახორციელებს სხვა ქვეყნებთან ნავთობპროდუქტების შესაძლო იმპორტთან დაკავშირებით.

“გასაგები მიზეზებით, ამაზე არ ვილაპარაკებთ. კონტაქტები ხორციელდება. თუ მიღწეული იქნება შეთანხმებები მისაღებ ფასებად, ეს მოხდება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ბაზრის სტაბილიზაციის გზაზე, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს აჟიოტაჟური მოთხოვნა შევამციროთ”, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, აქამდე რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის ხელისუფლება წარმოებული საწვავის “ევრო-2” სტანდარტამდე შემცირებას განიხილავს და მსგავსი დაბალი ხარისხის საწვავი არაუსაფრთხო იქნება თანამედროვე ავტომობილებისთვის.

ასევე, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შემდეგ რუსეთი აზიიდან ბენზინის იმპორტირებას იწყებს. Reuters-ის ცნობით, ბენზინი რუსეთის ერთ-ერთ დასავლეთ პორტში უნდა მიიტანონ აზიის ქვეყნიდან. წყაროებმა არ დააზუსტეს კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან იქნება ბენზინი.