კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ტვ პირველი“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, 2500 ლარით დააჯარიმა.
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, მაუწყებლის მონიტორინგი 11 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 11:00, 15:00 და 20:00 საათიან „პირველებში“ კანონის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო პროგრამებში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე მოხდა.
„მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
კომისიამ დაადგინა, რომ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების ან ჟურნალისტების მხრიდან და გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. კანონის შესაბამისად, მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. მოცემულ შემთხვევებში კი მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კანონდარღვევის გამო, მაუწყებლის მიმართ სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება მიმდინარე წელს უკვე გამოყენებულია და ტელეკომპანიამ დარღვევა განმეორებით ჩაიდინა, კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური სანქციით – 2500 ლარით დააჯარიმა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთამ, როგორც “მედიაჩეკერი” წერს, კომისიამ ტელეკომპანია დააჯარიმა ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორებიცაა: „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“ და სხვ.
“კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ ფრაზების: „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“, „ოცნების გამოძიების“, „ოლიგარქი“, „სინდისისა და პოლიტპატიმრების“, „სინდისის პატიმრებს“, „არარსებული დანაშაული“, „რას ამბობენ ქართული ოცნების რიგითი წევრები ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაინც ყველაფერი ისე მოხდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის. შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომ ციხის კარი გაუხსნა სინდისის პატიმრებს თუ პოლიტიკურ ტყვეებს, ამას ის გააკეთებს“, „ციხის კარის გაღება სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური ტყვეებისთვის იქნება გამართლებული ნაბიჯი ქრისტიანულად ადამიანურად და სახელმწიფოებრივად”, „ქართული ოცნება კი სინდისის პატიმრებისგან ისევ არარსებული დანაშაულის აღიარებას ელოდება“, „ეს იქნება უმძიმესი ფინანსური დარტყმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის“, „რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა“, „ქართული ოცნების დეპუტატები წყობიდან გამოჰყავს. ოლიგარქის პარტიამ ლიდერის დაცვა დღეს სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმით გადაწყვიტა“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“ – გამოყენებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია”, – წერს “მედიაჩეკერი”.




