პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტული და არაკოლეგიალურია , – ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტ ნუკა ჟორჟოლიანის განცხადება, რომლის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ალიანსიდან გამოვიდოდა და „ამას მიშას ნებართვა არ ჭირდება“.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, აღნიშნული პოზიცია შორსმჭვრეტელობაზე არ მეტყველებს იმ ფონზე, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანი მომავალში შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდეს.

“გუშინდელ ეთერში თქვა, ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, ვიყრი თუ არა კენჭს და შემოვალ თუ არა “ნაციონალურ მოძრაობაშიო”. “ნაციონალურ მოძრაობა” 14 წელია ოპოზიციაშია და ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტული და არაკოლეგიალურია, მითუმეტეს, იდეაში, თუ ამ ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, ამ გუნდს თავმჯდომარის რანგში ან ნებისმიერ სხვა პოზიციაზე შემოერთდეს. თუ პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება გუნდს, რომლის წევრიც მომავალში, სავარაუდოდ, შეიძლება გახდეს, არ მგონია ეს ის პოზიცია, რომელიც კონკრეტული ადამიანების შორსმჭვრეტელობას ასახავს”,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

მან არ დააკონკრეტა, დაუჭერს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას მხარს, თუ ის კენჭს იყრის.

“როგორც კი ჩაინიშნება, პარტიის წევრები ვხვდებით რიგითი ამომრჩევლები. ყველას თითო ხმა გვაქვს. ვინც საჯარო პირები ვართ, ჩვენს მხარდაჭერას იმ კონკრეტული კანდიდატის მიმართ, რომლის მიმართაც გარკვეული სიმპათიები გვაქვს, როგორც წესი, არ ვმალავთ ხოლმე. შესაბამისად, ალბათ, ამის დროს მოვა და გამოიკვეთება, ვინ, ვის უჭერს მხარს”,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

ამასთან, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებები შეაფასა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მის რჩევებს გაითვალისწინებს.

 ის პოლიტიკური ლიდერია, გარეთ რომ იყოს, ცეცხლს დაანთებდა და პოლიტიკურ რინგზე სერიოზული ბრძოლა გაჩაღდებოდა. ამ ასპარეზობაში გამარჯვებული ვინც იქნებოდა, ესეც ძალიან კარგად იცის, როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ისე ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა. სწორედ ამიტომ არის  ტყვეობაში, რომ მისი თავისუფლება პირველივე მოსახვევში ნიშნავს “ოცნების” დაცემას და დასრულებას. სანამ ამ პირობებში ვართ, როდესაც ოპოზიციაში ვრჩებით და სერიოზული ბრძოლის განცდაც კი არ არის ველზე, არც მე ვარ კმაყოფილი, არც ჩვენი გუნდის სხვა წევრები და არც თავად მიხეილ სააკაშვილი. აუცილებლად გავითვალისწინებთ მიშა სააკაშვილის შენიშვნებს, გავითვალისწინებთ მის რჩევებს და ვეცდებით კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონდეს როგორც ველზე, ასევე ჩემი გადმოსახედიდან, დიდი რესურსია მასმედიით, სოციალურ ქსელებში”,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატურას გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნება. ამასთან, მან განმარტა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება პარტიის ყრილობა და აირჩევენ “ნაციონალური მოძრაობის” ახალ თავმჯდომარეს.

“სავარაუდო თარიღი დღეს არ გვაქვს. ჩვენ ერთი კონკრეტული “დედლაინი” გვაქვს 8 ივლისთან დაკავშირებული იმიტომ, რომ 2024 წლის 8 ივლისს ჩატარდა ყრილობა, სადაც საკადრო გადაწყვეტილებები მიიღეს. ყველა შიდაპარტიულ ინსტიტუციას უფლებამოსილება ეწურება 2 წლის თავზე, სულ რამდენიმე კვირაში, მაგრამ არსებობს გონივრული ვადა, რის ფარგლებშიც ახალი ყრილობის ჩატარება შეგვიძლია, რასაც წინ უძღვის ხოლმე როგორც წესი პოლიტსაბჭოს სხდომა. ეს თარიღები როგორც კი გვეცოდინება, თქვენს ინფორმირებას აუცილებლად მოვახდენთ”,-განუცხადა ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს.

ასევე, პეტრე ცისკარიშვილმა ისაუბრა „ოპოზიციის ალიანსზე“ და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსი არ დაუტოვებია და ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული მსჯელობა არ ყოფილა.

“სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ოპოზიციური ალიანსის არცერთ შეკრებაზე და სხდომაზე არ ვყოფილვარ. თავისთავად ცუდი იდეა არ იყო იმიტომ, რომ ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციას, რესურსების შეკავშირებას და ერთიან ბრძოლას ემსახურებოდა, მაგრამ თუ შიგნით მუდმივად ურთიერთთავდასხმა უნდა იყოს ჩვენს ლიდერზე, რომელიც ციხეში იმყოფება 5 წელია, მუდმივად უნდა იყოს ლანძღვა-გინება, ქილიკი და თავდასხმა, მას გარკვეული პერიოდულობით, სოციალური ქსელით გამოხმაურების შესაძლებლობა აქვს ხოლმე

და ჩვენც დავიცავთ მის პოზიციებს, მაგრამ მაშინ რაღას ემსახურება ასეთი ალიანსი, თუ ერთმანეთზე თავდასხმები გაგრძელდება?! კრიტიკის, მსჯელობის დისკუსიის მომხრე ვართ, მხარს ვუჭერთ ორივე ხელით, თუნდაც საჯარო სივრცეში, მაგრამ უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება საქმეს ნამდვილად არ ადგებოდა. აქედან გამომდინარე, ამ ალიანსის სამოძრაო ტრაექტორიაზე საბოლოო მიზანი რა არის, ისიც კი დაიბრალა. შესაბამისად, მე როგორც ერთი ადამიანი, ამ ალიანსიდან შესვლა-გამოსვლაზე გადაწყვეტილებებს ნამდვილად არ ვიღებ, ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით ხდებოდა ყოველთვის ასეთი პოლიტიკური, პარტიული გადაწყვეტილებების მიღება. ამ მომენტისთვის ალიანსი არ დაგვიტოვებია. თუ ასეთი ამბავი დადგა დღის წესრიგში და ეს გადაწყვეტილება მთლიანად გუნდმა, პოლიტსაბჭომ, ჩვენმა დამფუძნებელმა, ლიდერმა მიიღო და აღსრულდა, ამის შესახებ თქვენც გაიგებთ. ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული მსჯელობა ნამდვილად არ ყოფილა”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.