რეჟისორი კოტე მირიანაშვილი:
განათლებით თეატრმცოდნე შვიდკოი, მედიამენეჯერი, ტელე წამყვანი იყო და გახდა პოლიტიკოსი, იყო რუსეთის კულტურის მინისტრი, შემდეგ კი გახდა პუტინის სპეცწარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობების დარგში. აქვს პუტინის მრჩეველის სტატუსი, მის ,,არჩევნებზე” მუდმივად ნდობით აღჭურვილი პირია.
ფაქტიურად კულტურის სფეროში მთავარი იდეოლოგი და, შესაბამისად, მთავარი ცენზორია. სხვა პროპაგანდისტების იდეოლოგიური ნაჩალნიკია, იმ განსხვავებით, რომ რუსი მშვიდობისმოყვარე ინტელიგენტის ნიღაბი აქვს მორგებული.
შვიდკოი წესით მესაზღვრეებს არც უნდა შემოეშვათ, რადგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც – ნაყოფია იქ საქართველოს ნებართვის გარეშე, ახლაც, ეტყობა, საქართველოს ნებართვა არ დაჭირდა აქ ჩამოსასვლელად და საქართველოს და ტერორისტი ქვეყნის, რუსეთის საუკუნოვან კავშირებზე განცხადებების საკეთებლად (სხვა პუბლიკაციაში წერია).
შვიდკოი რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, რომელიც პირდაპირ პუტინს ექვემდებარება. ჩათვალეთ, ხელოვნების დარგში გავრილოვი იყო ჩამოსული და ,,სპექტაკლი ჩაიბარა”, ოღონდ ის ვერ გაიგო, რომ სტურუამ მთელი ,,ვეფხისტყაოსანი” კი არა, მხოლოდ ერთი თავი დადგა – ამბავი მეფე როსტევანისა – აფიშაზე წერია, დანარჩენი კი რაც მან დაწერა ,,ვეფხისტყაოსანზე” – გუგლში.
აი, სპექტაკლზე რა აზრისაა, ვერ გავიგე, არ ამბობს.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში, მიხაილ შვიდკოი რუსულ მედიაში ავრცელებს საკუთარ წერილს, რომელშიც რეჟისორი რობერტ სტურუას მიერ დადგმულ “ვეფხისტყაოსანზე” საუბრობს. შვიდკოის თქმით, ის თბილისში სპექტაკლის ბოლო ჩვენების სანახავად ჩამოვიდა.




