– ჩვენი პარტია იყო და უნდა დარჩეს ერთადერთ პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევდა – მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც ბრძოლა და რისკის გაღება შეუძლია და არა მათ, ვინც სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობს

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და უნდა დარჩეს ერთადერთ პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევდა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი,  სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის საგამონაკლისო წესით დანიშვნების დრო გამონაკლისად უნდა დარჩეს.

ამასთან, ბეჟაშვილი თვლის, რომ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ივლისში სრული შიდა არჩევნების ჩატარების შესახებ, არის „ერთადერთი სწორი გზა“.

ოპოზიციონერის თქმით, ივლისში ენმ-ს სრული რეფორმა და გადატვირთვა გარდაუვალია და მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც ბრძოლა და რისკის გაღება შეუძლია და არა მათ, ვინც სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობს.

“მეგობრებო, მოდით შევხედოთ რეალობას და ღიად ვთქვათ ის, რაც ბოლო ორი წელია ყველამ ვიცით: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია. ბოლო პერიოდის სტაგნაცია, ამომრჩევლის დაკარგვა, შიდა პარტიული კომუნიკაციის პრობლემები და ფინანსური საკითხები, პოლიტიკურ უმოქმედობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

ჩვენი პარტია იყო და უნდა დარჩეს ერთადერთ პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევდა. საგამონაკლისო წესით დანიშვნების დრო გამონაკლისად უნდა დარჩეს( ერთი შემთხვევა იყო ასეთი). დღეს სწორედ არაორდინალური, თამამი და რადიკალური გადაწყვეტილებების დროა.

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ივლისში სრული შიდა არჩევნების ჩატარების შესახებ არის ერთადერთი სწორი გზა.

უკვე არსებული კრიზისის მიზეზების სწორი ანალიზი, იმავდროულად, პარტიის გახსნა ახალი, ენერგიული ადამიანებისთვის- ეს პროცესი ახალი ხედვების ნამდვილი შეჯიბრი უნდა გახდეს.

ჩვენი პარტიის ფუნდამენტური კოდი ყოველთვის იყო არჩევითობა და გამბედაობა. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ყოველთვის არაორდინალური, რადიკალური და თამამი ნაბიჯებით იმარჯვებდა. როდესაც სისტემა ჭედავს, მას სჭირდება სრული გადატვირთვა.

არჩევანი მარტივია: ან ვინარჩუნებთ კომფორტის ზონას და ვეგუებით ნელ სტაგნაციას, ან რისკზე მივდივართ, ვხსნით კარებს ახალი ადამიანებისთვის და ვიბრუნებთ გამარჯვებულის მენტალიტეტს.

ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება. ივლისში ენმ-ს სრული რეფორმა და გადატვირთვა გარდაუვალია. მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც ბრძოლა და რისკის გაღება შეუძლია და არა მათ, ვინც სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობს“,- წერს „ფეისბუქზე“ ოპოზიციონერი.