„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პოლიტიკური რესურსი ამოწურული აქვს და მისი შეცვლა იგეგმება.
როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს არა მხოლოდ აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე, არამედ სასამართლო სისტემაშიც.
„დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ირაკლი კობახიძეს ვადა გაუვიდა. ბიძინა ივანიშვილისთვის კობახიძე აღარ არის ღირებული. მისი შეცვლა იგეგმება. კი, ირაკლი კობახიძემ ამოწურა თავი. ახლა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებდა, აქოს და ადიდოს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ეს არაფრის მომტანია ქართველი ხალხისთვის.
ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, არა მხოლოდ სამთავრობო დონეზე, არა საკანონმდებლო დონეზე, არამედ სასამართლოში. ყველას შევახსენებთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ძვირფასეულობა ჩამოჰქონდა, პარლამენტმა ერთ დღეში შეცვალა კანონი და მოარგო ივანიშვილს. ანუ პარლამენტი ივანიშვილისთვის ერთ დღეში იღებს გადაწყვეტილებას. ერთ დღეში იღებენ გადაწყვეტილებას, როდესაც საქმე ეხება ოპონენტებს. თუ ვინმეს აინტერესებს ვინ მართავს ქვეყანას, სამთავრობო გუნდს – შეუძლიათ გაიხსენონ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი, როდესაც ირაკლი კობახიძე ივანიშვილს თარჯიმნად დაჰყვებოდა. იქ ხომ ვნახეთ ვინ მართავს რეალურად ქვეყანას – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ალიევს ესაუბრებოდა, კობახიძე კი დაჰყვებოდა, როგორც კლერკი.
ახლა დადგა ირაკლი კობახიძის მოხსნის დრო. დიდი ხანია ამაზე მიდის საუბარი, შესაბამისად კობახიძე გადავიდა ივანიშვილის ქებასა და დიდებაზე“,- განაცხადა ფარულავამ.
ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ყველა გზავნილი მიმართულია ოპოზიციური ერთიანობისა და წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერებისკენ.
ფარულავას თქმით, პოლიტიკური პროცესი მხოლოდ პარტიულ ოფისებში არ უნდა მიმდინარეობდეს და საჭიროა აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან.
„მიხეილ სააკაშვილის ყველა გზავნილი ეხმაურება იმას, რომ ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ და წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა გაძლიერდეს. თუ მეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილი პირიქით ამბობს, მაშინ ავიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მიხეილ სააკაშვილის ყველა გზავნილი არის იმისკენ, რომ ჩვენ ვიყოთ ეფექტურები. არ გამოვა ოფისებში ჯდომა. უნდა ვიყოთ ქუჩაში, ველაპარაკოთ ხალხს. საკმარისი არ არის მხოლოდ რუსთაველის გამზირი. ჩვენ, როდესაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ვართ, ეს ნიშნავს, იმას, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ავუხსნათ ის პრეფერენციები, რომელსაც ისინი მიიღებენ დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემდეგ“, – განაცხადა ფარულავამ.




