ჩვენ უკრაინასა და ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხი განვიხილეთ. ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიგასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მომავალ თავისუფალ ბელარუსს პარტნიორად და მეზობლად აღიქვამდეს და არა საფრთხედ“.
„ჩვენ მეტი ორმხრივი ნდობა, ადამიანებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის მეტი კონტაქტი გვჭირდება. პუტინმა და ლუკაშენკომ ყველაფერი გააკეთეს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების გასანადგურებლად, მაგრამ ჩვენ მათ აუცილებლად აღვადგენთ“, – წერს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა და ბელარუსი მშვიდობიან, ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს იმსახურებენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან შეხვედრაზე „რეგიონული უსაფრთხოების და ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის გამოწვეული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის“ საკითხები განიხილა.




