თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას

„ქართული ოცნება“ დგას სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე. ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაც შინაარსი ექნება ამ ინიციატივას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მდინარაძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენასა და აგრესიულ კომუნიკაციას სისტემურ მონიტორინგს გაუწევს.

დათუნაშვილის თქმით, ეს არის დამატებითი ბერკეტი, რომელსაც ხელისუფლება ოპონენტების მიმართ ზეწოლისა და დაშინებისთვის გამოიყენებს.

„გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი და შესანიშნავი  იყოს აქტუალიზებული რაიმე ფორმით და ჰქონდეს რაღაც საქმე უპორტფელო მინისტრს, მისი თვით აქტუალიზაციის გარდა, [ეს ინიციატივა] არაფრის მომცემი არ არის.

„ქართული ოცნება“ დგას სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე და ზოგადად, ამ 14-წლიან პრაქტიკაზე, რომ ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით. ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაც შინაარსი ექნება ამ ინიციატივას, მაგრამ ხომ ვიცით ყველამ, მიზანი არის ის, რომ ოპონენტებზე ჰქონდეთ დამატებით არადემოკრატიული ბერკეტი ზეწოლისა და დაშინებისთვის.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება ჩვენი მოქალაქეების და მისი შეზღუდვა და მარწუხებში მოქცევა ახასიათებს მხოლოდ დიქტატორულ და ავტოკრატიულ რეჟიმებს, შესაბამისად, ჟანრის კლასიკაა და გაგრძელება ხდება ამ ჟანრის. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის მამუკა მდინარაძეს, არაჩვეულებრივი ყმაწვილია“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ