ირაკლი კობახიძე კახა კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – პარლამენტში წარმოდგენილი კანონის პროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს, – ეს განცხადება ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფო ხორგუანმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა და ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომლის მიხედვით, თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების და შეთანხმების წესს, მთავრობის ნაცვლად, თბილისის საკრებულო დაადგენს.
ხორგუანის თქმით, კანონპროექტი მორგებულია თანამდებობის პირებსა და „დელეცებზე“. ხორგუანმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა, რომ როცა საუბარია კულტურული მემკვიდრეობაზე, საქმეს განსაკუთრებული სერიოზულობით მოეკიდონ.
„ირაკლი კობახიძე კახა კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს. კობახიძის ეს პოზიცია არ მიკვირს და ვაღიარებ, რომ მესმის – შეუძლებელია და რთულია პასუხისმგებლობა აიღო დედაქალაქის მერზე, რომელიც თავად აცხადებს, რომ პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ თავზე. დიახ, მოცემულობაა, რომ ირაკლი კობახიძეს ზოგადად პასუხისმგებლობის აღება უჭირს – მას თანამდებობა უნდა, მაგრამ პასუხისმგებლობა, რომელიც ამ თანამდებობას მოჰყვება გააზრებული არა აქვს.
კანონპროექტი სწორედ ამას ადასტურებს. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა სულ უფრო მეტად ამტკიცებდეს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დაიცავდა, პრაქტიკულად, ამ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს.
კულტურული მემკვიდრეობა არის საგანძური. სააგენტო ძალიან კარგი, პროფესიონალი ახალი უფროსი ჰყავს და მისი პრინციპულობის იმედი გაქვს
თურმე ჩვენი კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს. „დელეცი“ ჰქვია ადამიანს, რომელიც ფიქრობს როგორ აარიდოს კანონს თავი და არა ბიზნესმენი, კომერსანტი ან საქმოსანი. ასეთები გვყავდა – მაგალითად, ვანი სარაჯიშვილი, მაგრამ ახლა ბევრი „დელეცი“ გვყავს“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების და შეთანხმების წესს თბილისის საკრებულო დაადგენს.
