– მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია, ამისთვის ერთი ნაბიჯია – შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი

ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქს და მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ის გზა, რომელიც არის ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია, ამისთვის კი არის ერთი ნაბიჯი – შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,  საფრანგეთიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრების შეწყალებით საზოგადოება ყველაფერს ახალი ფურცლიდან დაიწყებს.

„მოგესალმებით პარიზიდან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეიდან, სადაც ამ საღამოს იგეგმება საქართველოს საკითხზე ახალი რეზოლუციის მიღება. კენჭისყრა გაიმართება ამ საღამოს და მას დავესწრები, მაგრამ არ შეიძლება, დღევანდელ დღეს არ გამოვეხმაურო ახალი პატრიარქის არჩევას, მივულოცო [პატრიარქად] გამორჩევა და მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს გზა, რომელიც არის ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია.

ამისთვის ერთი ნაბიჯი არის, რომელსაც მე ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს იზიარებს ძალიან ბევრი – პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას იმით, რომ შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი და ამით შეიძლება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაციონალური მოძრაობა“ – გულითადად ვულოცავთ უწმინდეს შიო III-ს – ეკლესიის წინაშე დგას საჭიროება სიბრძნით აღსავსე განახლებისა, რათა კვლავაც შეასრულოს ისტორიული როლი, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელმა ძალამ და იდენტობის მყარმა საყრდენმა