პრემიერ-მინისტრის „კოორდინატორმა“ იცოდა სპეცრაზმელების საქმის მასალები და გრიფით „საიდუმლო“ საქმის მასალებიც, რაც უბრალოდ კანონის დარღვევა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია, – ამის შესახებ იურისტი, ლონდა თოლორაია აცხადებს, რითაც სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ლონდა თოლორაიას განცხადებით, პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში ჩახედვის, საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ პროკურატურას და არავის სხვას.
„ვისაც სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე რამე გაეგება, ყველამ იცის რომ:
პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში ჩახედვის, საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ პროკურატურას და არავის სხვას: არც პრემიერს, არც მის ქვეშ მყოფ არც ერთ პირს. არც პარლამენტს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია პროკურატურა. მაშინაც კი, როცა პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა, იუსტიციის მინისტრს არ ჰქონდა საქმის მასალების ნახვის უფლება. რატომ? იმიტომ რომ პროკურატურა არის ,,დამოუკიდებელი” (კონსტიტუციით და კანონით ასეა);
სუს-ის წარმოებაში არსებული საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სუს-ს და მასზე ზედამხედველ პროკურატურას. მეტს არავის – არც პრემიერს, არც პარლამენტს, იგივე პრინციპის დაცვით. მით უფრო, ვერავინ გაეცნობა საქმეს, რომელსაც ადევს გრიფით საიდუმლო.
დღეს პრემიერ-მინისტრის ,,კოორდინატორმა” იცოდა სპეცრაზმელების საქმის მასალებიც და იცოდა გრიფით საიდუმლო საქმის მასალებიც, რაც უბრალოდ კანონის დარღვევა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია.
ცალკე ამბავია, მამუკა მდინარაძის მითითებით საქმის მასალების განსაიდუმლოების დავალების მიცემა სუს-ისთვის (არადა განსაიდუმლოება პროკურატურის ფუნქციაა) და სუს-ის მიერ მისი არაუფლებამოსილი პირის მითითებით გასაჯაროება.
ასევე ცალკე ამბავია ისიც, რომ ამ გასაჯაროებულ მასალაში დანაშაულის არცერთი ელემენტი ჩანს”, – აცხადებს ლონდა თოლორაია.




