„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 16 აპრილიდან, აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება.
კერძოდ, საავიაციო მოძრაობა იზღუდება აბასთუმნის თავზე დაახლოებით 52 კილომეტრის დიამეტრის რადიუსზე.
შესაბამისი დადგენილება მთავრობას გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის თანახმად, მიზეზად დასახელებულია ატმოსფერული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ასტრონომიული დაკვირვებისთვის.
ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს.
„საქაერონავიგაციის” დოკუმენტაციის მიხედვით, ამ აკრძალვას ერთი საინტერესო გამონაკლისი აქვს: დაშვებულია ფრენა ტერიტორიაზე მოფრენილი ან ტერიტორიიდან გაფრენილი ხომალდებისთვის. ანუ ეს დათქმა ფრენის უფლებას აძლევს მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ.
„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს.
კონფიდენციალური წყარო საჯარო უწყებიდან „რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, რომ „ეს ყველაფერი კი ნელ-ნელა ქართული აეროპორტებიდან ფრენებს „გააძვირებს“ და საბოლოოდ თითოეული მგზავრის ჯიბეზე აისახება“.
გარდა ამისა, არის უსაფრთხოების რისკებიც.
ახალ რეალობაში, უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო გახდება მომფრენი ბორტების დაგეგმილზე უფრო ადრე დაშვება და პირიქით, გამფრენი ბორტებისთვის ოპტიმალური საფრენოსნო სიმაღლის უზრუნველყოფის შეფერხება. რაც ზრდის ფრენის ხარჯებს, ასევე განსაკუთრებით ბევრად იზრდება ადამიანის [საჰაერო მეთვალყურის] შეცდომის ფასი, ადამიანი კი ადამიანი არ იქნება, შეცდომა არ მოუვიდეს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ინფორმირებული წყარო სახელმწიფო უწყებიდან.




