პიტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, თუმცა არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მადიარის განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მთელი პროცესი უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც მისი ქვეყანა ამ საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს.

მისი თქმით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

„შეუძლებელია, რომ ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ასეთი საკითხების განხილვა მოლაპარაკების ყველა პუნქტის განხილვის გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნა მადიარმა.

მისი თქმით, ყველა კანდიდატმა ქვეყანამ ერთი და იგივე პროცესი უნდა გაიაროს.

„თუ ამას გააკეთებს, მაშინ უნგრეთი რეფერენდუმს ჩაატარებს იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა ევროკავშირმა ის. თუმცა ეს მალე ნამდვილად არ მოხდება“, – აღნიშნა მადიარმა.

ამასთან, მისი თქმით არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. გარდა ამისა, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ უნგრეთი გააგრძელებს რუსული ნავთობის შეძენას, მაგრამ ამავდროულად შეეცდება ენერგორესურსების შესყიდვების დივერსიფიკაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ მადიარი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს: ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და გავლენას არ მოვახდენთ თქვენს ქვეყანაში ან ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნებზე, ეს ჩვენი სტილი არ არის