სახალხო დამცველი – თუ დანაშაულის ნიშნებია, ნუ მივუდგებით სააფთიაქო სასწორით, მივუდგეთ სამართლიანობის პრინციპით – პაატა მანჯგალაძის საქმეში მუხლის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

თუ დანაშაულის ნიშნებია, ნუ მივუდგებით სააფთიაქო სასწორით, მივუდგეთ სამართლიანობის პრინციპით, კანონით, უბრალოდ, პაატა მანჯგალაძის შემთხვევა იმით არის გამორჩეული, რომ საქმეში იმ მუხლის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ, რომლითაც მას ძალადობის ორგანიზებას ედავებიან , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუს“ განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, იმედი აქვს, რომ პაატა მანჯგალაძის შემთხვევაში სასამართლო ყურადღებით გაეცნობა სახალხო დამცველის მოსაზრებას და მტკიცებულებებსაც და იმის მიხედვით გამოიტანს განაჩენს.

„თავის დროზე [სასამართლოს] ვთავაზობდი [ერთგვარ მოწმედ წარდგენას]. ვთქვი, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიდა სასამართლო, მივიდოდი და ჩვენებას მივცემდი იმ გარემოების შესახებ, რაც 4 ოქტომბერს ჩემთვის იქნა ცნობილი. მე მას დავურეკე და ვუთხარი,რომ იქ რაც ხდებოდა, იყო მიუღებელი და მან მითხრა, რომ იმ ადგილას საერთოდ არ იყო და მისთვისაც იყო მიუღებელი. ეს კომუნიკაცია საზოგადოებისთვის ცნობილია.

თუ დანაშაულის ნიშნებია, ნუ მივუდგებით სააფთიაქო სასწორით, მივუდგეთ სამართლიანობის პრინციპით, კანონით, უბრალოდ, პაატას შემთხვევა იმით არის გამორჩეული, რომ ის მუხლი, რომლითაც მას ედავებიან ძალადობის ორგანიზებას, საქმეში ამ მუხლის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ და ამაზეა საუბარი. ისე როგორც სხვა ბევრ საქმეზე, რაზეც ვაგზავნით ხოლმე ჩვენს მოსაზრებებს. მე იმედი მაქვს, რომ პაატას შემთხვევაში სასამართლო ყურადღებით გაეცნობა მოსაზრებასაც და მტკიცებულებასაც და იმის მიხედვით გამოიტანს განაჩენს.

ჩვენ საქმის სრული მასალები მოგვიტანეს, თუ საქმე სრულად არ მაქვს შესწავლილი, მე ასეთი ტიპის განცხადებებისგან, ბუნებრივია, თავს ვიკავებ და ასევე თავს ვიკავებ ასეთი ტიპის კომუნიკაციისგანაც სასამართლოს მიმართ. თუ სრულად ვუყურებთ საქმეში არსებულ მასალებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უფლება ჩვენი აზრი ვიქონიოთ პოტენციური სასჯელის შესახებ, იმ ბრალის შესაბამისობის შესახებ, რასაც პროკურატურა ედავება კონკრეტულ ბრალდებულს და ვთხოვოთ სასამართლოს, მივუთითოთ: აქ ამ პრობლემას ვხედავთ და თქვენც მიაქციეთ ყურადღება. იმიტომ ჰქვია „მეგობრის მოსაზრება“, რომ ჩვენ არავის არ ვაკრიტიკებთ, ჩვენ არავის არ ვიცავთ, იცავს ადვოკატი, ჩვენ არ ვართ მხარე, ჩვენ მხოლოდ გარემოებებზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ