სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ყოფელწლიური ანგარიშის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა, დღემდე, არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა.
ანგარიშში საუბარია აქციებზე დაკავებული პირების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზეც.
“დღეის მდგომარეობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავთ აქციებზე დაკავებული ჯამში 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. მონახულებულ დაკავებულთაგან 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო.
2025 წლის 1 მარტამდე მდგომარეობით, საპროტესტო აქციების მონიტორინგისას გამოვლენილი უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაცია ასახულია სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
264 2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში/პენიტენციურ დაწესებულებებში მოინახულეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი (26,7 %).
დაზიანებები აღენიშნებოდა 17 დაკავებულს. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა დაკავებებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბურობის შემცირებასთან.
ამის მიუხედავად, არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაკავებულები საუბრობდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხელბორკილის ზედმეტად მოჭერის, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზურგსუკან ხელბორკილდადებული ყოფნის ფაქტებზე. დაკავებულები იხსენებდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უხეში, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებსაც.
გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, არაერთი დაკავებული მიუთითებდა არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაზე. ასევე, დაკავებულების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში სრულად გააშიშვლეს და ე. წ. ბუქნები გააკეთებინეს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართა 27-მა დაკავებულმა, სახალხო დამცველის აპარატმა, თავის მხრივ, რეაგირების მიზნით, მიმართა საგამოძიებო უწყებას.
აპარატში წარმოდგენილი ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 10 დაკავებულის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაწყებულა 7 დაკავებულის შემთხვევაში. დაკავებული პირის საგამოძიებო უწყებაში გამოუცხადებლობის გამო გამოძიება არ დაწყებულა 6 დაკავებულის შემთხვევაში. ერთმა დაკავებულმა უარი განაცხადა გამომძიებელთან გასაუბრებაზე. ასევე, 5 დაკავებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესწავლა მიმდინარეობს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
როგორც აღინიშნა, 10 დაკავებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე.
მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ათი დაკავებულიდან ორი პირი ასევე მიუთითებდა დამამცირებელ მოპყრობაზე, საქმისთვის დამატებითი კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პროკურატურის მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რომლის დროსაც მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბთან, პარტიის მხარდამჭერები, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს, გამოძიება მიმდინარეობს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. გამოძიების პროცესში, გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, სხვადასხვა კერძო და საჯარო ობიექტიდან, ასევე, ჟურნალისტებისგან და სატელევიზიო კომპანიებისგან გამოთხოვილია და დათვალიერდა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოაუდიო ჩანაწერები.
დათვალიერდა სოციალური ქსელები, და მოპოვებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული ინფორმაცია. საქმეს ერთვის სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიღებული არ არის. დაზარალებულად ცნობილია ოთხი პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა.
ასევე, გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, პროკურორის დადგენილებით, ორი პირი დაკავებიდან გათავისუფლდა. ხოლო, ამ ეტაპზე, კონკრეტული პირი დაზარალებულად ცნობილი არ არის. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, რომ შემჭიდროებულ ვადებში შეისწავლონ სახალხო დამცველის აპარატის მიმართვებში აღწერილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, აწარმოონ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
ასევე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი პირების, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების, ისე ცალკეული მოქალაქეების ვინაობის დადგენისა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით.
სამწუხაროდ, 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა, დღემდე, არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა. დევნა არ დაწყებულა იმ ორ ეპიზოდზეც კი, სადაც მოძალადე პოლიციელებს სახეები დაფარული არ ჰქონდათ.
ასევე, სხვა უფლებადარღვევებზე მიმდინარე საქმეთა დიდ ნაწილზე გამოძიება უშედეგოდ, კონკრეტული პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გარეშე, გრძელდება”. – ნათქვამია ანგარიშში.