ზურა ჯაფარიძე: მინდა, მამა შალვას მივმართო და დავპატიჟო რუსთაველზე. იქნებ მოხვიდეთ ერთ საღამოს, მამა შალვა. ამბიონიდან კიცხვას იქნებ სჯობდეს, რომ პირდაპირ დაელაპარაკოთ იქ მყოფ ადამიანებს (ვიდეო)

მამა შალვა კეკელიას გამოსვლა ვნახე, სადაც ის რუსთაველზე მდგომ უწყვეტ პროტესტში მყოფ ადამიანებს კიცხავს და საკმაოდ ემოციური ტონით თან, კიცხავს იმაზე პროტესტი როგორ არ შეწყვიტეთ პატრიარქის გლოვის დღეებშიო. თითქოს საღამოს რუსთაველზე ორი საათით დგომა აკნინებს პატრიარქის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს და სევდას იმ ადამიანებში, ვისაც ის უყვარდა.
[…] მე მინდა, მამა შალვას მივმართო და დავპატიჟო რუსთაველზე. იქნებ მოხვიდეთ ერთ საღამოს, მამა შალვა. ამბიონიდან კიცხვას იქნებ სჯობდეს, რომ პირდაპირ დაელაპარაკოთ იქ მყოფ ადამიანებს და გაარკვიოთ, ისეთი რა აწუხებს ამ ხალხს, რომ თითქმის 500 დღეა ქარში, წვიმაში, თოვლში ყოველ საღამოს გამოდიან და დგანან რუსთაველზე. რატომ არ მოდიხართ, რისი მოლოდინი გაქვთ, რა გაშინებთ – რომ უსამშობლოებში აღმოჩნდებით და ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებთ რუსთაველზე?
ასეც რომ იყოს, ვთქვათ, მართლა უსამშობლოები ვართ, მართლა უჯიშოები ვართ, მართლა ყველანი აგენტები ვართ. ირაკლი ლომოური, ასაკოვანი ადამიანი, რომელიც ყოველ საღამოს მოდის რუსთაველზე, სიარულიც რომ უჭირს, საკუთარი სკამით რომ მოდის, რადგან დიდხანს ვერ დგას ფეხზე.
ვთქვათ, ყველა მართლა აგენტები ვართ, შეცდენილები, და თქვენი ადმოსახედიდან, დაკარგული სულები. ამ შემთხვევაში თქვენი საქმე რა არის? ამბიონიდან ჩვენი კიცხვა? ამისთვის გაცვიათ ანაფორა? ასე ფიქრობთ, რომ გადაარჩენთ ჩვენს სულებს თუ საერთოდ არ არის ჩვენი სულების ხსნა თქვენი საქმე”. – თქვა პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.