მეუფე შიო – არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ გულ-მკერდზე გვეკეთოს ჯვარი, მთავარია, ის გულით ვატაროთ, გულში გვქონდეს, ჩვენი გული მიისწრაფოდეს ღვთისადმი საპასუხო სიყვარულისკენ

ჯვარი არის საღვთო სიყვარულის ნიშანი და სიმბოლო… თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ ჩვენი მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე გადაიქცევა საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად, ვინაიდან უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უძლეველია, ის სძლევს ცოდვას, სიკვდილს და ბოროტებას! – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჯვრის თაყვანისცემის კვირას ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ მორწმუნეებს ჯვრის თაყვანისცემის კვირა მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

„აი, გაიარა დიდი მარხვის პირველმა ნახევარმა და, ბუნებრივია, დავღლილიყავით ჩვენს თავში ჩაღრმავებით და ცუდის დანახვით. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ წმინდა ეკლესია დღეს გვანუგეშებს და თაყვანისცემისთვის ტაძრის შუაგულში გამოაბრძანებს უფლის წმინდა და პატიოსან ჯვარს, ბოროტებაზე გამარჯვების ამ სიმბოლოს და დიდებულ ნიშანს.

ჯვრის თაყვანისცემაში არის რაღაც საზეიმო სიხარული, ჩვენ ხომ მას ლოცვებში მივმართავთ, როგორც ჩვენს საფარველს, ზღუდეს, რომელიც იცავს ეკლესიას ყოველგვარი უბედურებისგან, ებრძვის და ამარცხებს ეშმაკებს.

რა ძალით ახდენს ამას ჯვარი? რა ძალაა მასში ასეთი დაფარული? რა არის ეს ძალა?

ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის საღვთო სიყვარულის ძალა, რომელიც მუდამ სწყალობს და თანაუგრძნობს ადამიანს. სწორედ ამ სიყვარულის ძალით შეიქმნა სამყარო, მისი ძალით მიიღო ღმერთმა ადამიანური ბუნება და გახდა ღმერთკაცი, რომ გადავერჩინეთ, ადამიანი განეღმრთო და მიენიჭებინა ადამიანის ბუნებისთვის თავისი საღვთო ძალა. ეს სიყვარული კი ყოველთვის ჯვარცმული და თავგანწირულია. სხვანაირი სიყვარული, ნამდვილი სიყვარული არც არსებობს. ეს არის სიყვარულის არსი. აი, ეს საღვთო სიყვარული გვეძლევა წმინდა ჯვრის მეშვეობით. დღეს ჩვენ ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ვიყოთ თანაზიარნი ამ სიყვარულისა.

მაშასადამე, ჯვარი არის საღვთო სიყვარულის ნიშანი და სიმბოლო. როგორც ვიცით, სიმბოლოსა და რეალობას შორის არსებობს ცოცხალი კავშირი. ეს არის კავშირი ხატსა და მის პირველსახეს შორის. ამგვარად, ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია (და ვიმეორებ – ჯვრის პირველსახეა), არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ მას, რომ ჩვენთან მოვიდეს, ჩვენში დამკვიდრდეს და დაგვეხმაროს. აი, სწორედ ამიტომ ჩვენ გულ-მკერდზე ვატარებთ ჯვარს, რომ ეს საღვთო სიყვარულის ძალა ახლოს იყოს ჩვენთან და შეგვეწიოს.

მაგრამ ამისთვის არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ გულ-მკერდზე გვეკეთოს ჯვარი; მთავარია, ის გულით ვატაროთ, გულში გვქონდეს ეს ჯვარი, ჩვენი გული მიისწრაფოდეს ღვთისადმი საპასუხო სიყვარულისკენ. მაშინ ეს საღვთო სიყვარულის ძალაც ყოველთვის ჩვენთან იქნება და დაგვეხმარება. გვეხმარება კიდეც, გვეწევა კიდეც. როდესაც ვხედავთ ჩვენს ცოდვებს და ჯეროვნად ვინანიებთ მათ, გვწამს და ვიცით, რომ ღვთის შეწევნით ამ ცოდვებს დავამარცხებთ, იმიტომ, რომ ცოდვა არ არის უძლეველი და ყოვლისშემძლე. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ არსებობს ღვთის სიყვარული, ღვთის სიყვარულის ძალა, რომელიც ჩვენთან მოდის, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, განგვწმინდოს და მოელის ჩვენგან საპასუხო სიყვარულს, ოღონდაც ეს სიყვარული გვქონდეს, ოღონდაც გული გავუხსნათ ამ სიყვარულს და ჩვენი თაყვანისცემა ჯვრისადმი არ იყოს მხოლოდ გარეგნული და ფორმალური. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქცევა უბრალო ჩვევად, მათ შორის, ჯვრის თაყვანისცემასა და ჯვრის ტარებასაც ვგულისხმობ.

თუ არ იქნება ისეთი, როგორც მოგახსენეთ, გულითადი, გულისმიერი, შინაგანი, ეს იქნება მხოლოდ გარეგნული, ფორმალური ჩვევა, რომელიც ძალას არ მოგვანიჭებს. შესაბამისად, დავრჩებით დაუცველნი და უმწეონი ცოდვის, ბოროტი სულების წინაშე, რომლებიც დაგვამარცხებენ და დაგვღუპავენ. ხოლო თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, როგორც მოგახსენეთ, მაშინ ჩვენი მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, რაც თან ახლავს მარხვისა და სინანულის სარბიელს, გადაიქცევა საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად, ვინაიდან უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უძლეველია, ის ამარცხებს ცოდვასაც და სიკვდილსაც! ის სძლევს ცოდვას, სიკვდილს და ბოროტებას!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი მარხვის მესამე კვირას – ჯვრის თაყვანისცემის კვირას. ჯვრის ძალამ და მადლმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ჯვრის ძალამ და მადლმა დალოცოს, დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ყველას მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა. ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.