გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე

„ქართულ ოცნებასთან“ თუ რაიმე შეიძლება იყოს სალაპარაკო, არის მხოლოდ და მხოლოდ ეს: ახალი, სამართლიანი საპარლამენტო და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში პოლიტიკური დიალოგის საჭიროებასთან დაკავშირებით.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, საზოგადოებას სჭირდება სტაბილურობა, თუმცა „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან მხოლოდ მას შემდეგ დასხდებიან, როცა კრიზისის გადაჭრისთვის საჭირო პირველი ორი ნაბიჯის გადადგმის მზაობა იქნება.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან წამოსული ეს განცხადება, არსებითად არის თანხვედრაში, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოზიციასთან, რომელიც არ შეცვლილა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის ახალი სამართლიანი საპარლამენტო და ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ქვეყანაში რომ პოლიტიკური კრიზია, ამას „ქართული ოცნებაც“ აღიარებს. ხანდახან დეკლარირებულად, საჯაროდაც ამბობენ ამას, ხანდახან ცდილობენ, რომ თავი მოიკატუნონ, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ საკუთარ თავსვე თავისივე განცხადებებით ეწინააღმდეგებიან და ამ პოპულისტურ საკენკს, თავის ყველაზე მეტად გაუთვითცნობიერებელ ამომრჩეველსაც ვეღარ ასაღებენ. ქვეყანაში არის კრიზისი და ამ კრიზისს აქვს ბევრი წახნაგი, მაგრამ ორი მთავარი მიზეზი. პირველ რიგში, პოლიტიკური პატიმრების არსებობა და საპარლამენტო არჩევნები, როგორც პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზა, რა თქმა უნდა, წყვილში პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან. იმ უმძიმეს ვითარებაში, განსაკუთრებით, რომელიც შეიქმნა ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს რეგიონში, პრაქტიკულად ცხელ წერტილში ვართ. ჩვენი მოძმე ომშია უკვე მეხუთე წელია და ცხელი წერტილი არის ჩვენი ქვეყნის საზღვრიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში. ძალიან დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს სტაბილურობა, რომელიც სურს ჩვენს ხალხს და სტაბილურობა ვერ მიიღწევა ვერცერთ შემთხვევაში, სანამ არსებობს ეს პოლიტიკური კრიზისი.

„ლელო-ძლიერი საქართველო“ ყოველთვის ამბობდა და აქ მარტო არ ვიყავით, ოპოზიციური სპექტრიც ამას ამბობდა თავიდანვე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თუ რაიმე შეიძლება იყოს სალაპარაკო, არის მხოლოდ და მხოლოდ ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა ფუნდამენტური პრობლემაა ამ ქვეყანაში, რაზე უნდა ილაპარაკო. როგორ უნდა მისცე მას ნორმალიზების, თუნდაც ანტურაჟის, ფასადის შექმნის შესაძლებლობა, სანამ ეს მთავარი საკითხები არის. ამის შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ.

კრიზისის გადაჭრისთვის პირველი ორი ნაბიჯი ესაა, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, რომ ამოისუნთქოს და შეძლოს იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომელიც არის თუნდაც რეგიონში. საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, განსაკუთრებით ახლა. ნებისმიერი მრუდედ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება ძვირად დაუჯდეს და წლები დასჭირდეს მის გამოსწორებას, თუ საერთოდ იქნება შესაძლებელი გამოსწორება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს. იმ ვითარებაში, როდესაც დღეს გვაქვს ზიზღით, სიძულვილის ენით უკიდურესი დაპირისპირებითა და ესკალაციით გაჯერებული გარემო, პოლიტიკურად დენთის სუნი რომ არის ამ ქვეყანაში, საზოგადოებას სჭირდება ეს სტაბილურობა.

რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციურ ფარგლებში. მაგრამ ამისთვის პოლიტიკურმა აქტორებმა და მთლიანად საზოგადოებამ უნდა გამონახოს ძალა, რომ ვისაუბროთ. ოღონდ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ მთავარზე და მთავარი ორ პრობლემამდე დაიყვანება,“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გარდა ამისა, მან ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანი ფაქტია, ევროპარლამენტის დღის წესრიგშიც რომ არის პოლიტპატიმრების საკითხი“.

„სხვადასხვა ევროპული სტრუქტურა, ევროკავშირი, ევროსაბჭო და გაერთიანების წევრები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველთვის აფიქსირებენ თავის პოზიციას და დღის წესრიგში ყოველთვის არის საქართველოს საკითხი.

პირველ რიგში, მუდმივი თემა არის ის პოლიტიკურო რეპრესიები და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, როგორც ფაქტის აღიარება. უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობა და ამ საკითხის წარმოჩინება. ჩვენ ვნახეთ ეუთო-ს მხრიდანაც იყო ასეთი განცხადება გაკეთებული. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგშიც არის პოლიტპატიმრების საკითხი. დებატებზეც ვიხილეთ ეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპა, ევროკავშირი არ შეეგუება „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯებს. ბუნებრივია, ამავდროულად ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კარი ღიაა და გაიღო საქართველოსთვის. ეს არის ქართველი ხალხის შეუპოვარი, მართლაც დამსახურებული ბრძოლის შედეგი, რაც ბოლოს გამოიხატა კანდიდატის სტატუსის მიცემაში, მაგრამ ამავდროულად, ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ეს კარი რადგან ღიაა, შეიძლება იქ შებიჯება. ევროკავშირი არავის სთხოვს გაწევრიანებას, პირიქით, საქართველოს სურვილი და დეკლარირებული განაცხადი იყო, რომ სურდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ კარში არ შესულიყო ჩვენი ქვეყანა. დაიწყო ეტაპობრივად დემოკრატიული უკუსვლა და იმ მინიმალური სტანდარტების ფუნდამენტის მოშლა, რაც აუცილებელია, მინიმალური წინაპირობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული სივრცე მოსპო, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უკრიტიკულეს ნიშნულზე დაიყვანა, რასაც ყველა აღიარებს. ძალიან სწრაფად გაატარა ივანიშვილმა ეს ქვეყანა იმ გზაზე, რომელიც რუსეთმა გაიარა გაცილებით უფრო ხანგრძლივ პერიოდში“,- განაცხადა სიორიძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებაა. სიორიძის შეფასებით, „ხელისუფლებამ ქართველ ხალხს დაავიწყა, რეალურად რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს სუს-ს“.

„საზოგადოებას თითქოს უკვე დაავიწყეს, რეალურად რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს ამ ქვეყანაში, რომ ის არის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, საფრთხეების პრევენციაზე და სწრაფ რეაგირებაზე. იმიტომ, რომ ვხედავთ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში როგორ იქცა სუს-ი ისეთი ტიპის უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“, როგორიც არიან ავტორიტარულ სახელმწიფოებში უსაფრთხოების სამსახურები. ის სამსახურები, რომლებიც უპირატესად ზრუნავენ არა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ მმართველი ძალის, მმართველი პარტიის უსაფრთხოებაზე და მმართველი პარტიის უსაფრთხოებაზე ზრუნვა გამოიხატება ისეთ საკითხებში, როგორიც არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, უკანონო თვალთვალი, ტოტალური არაკონსტიტუციური და კანონსაწინააღმდეგო კონტროლი, ადამიანების პირად ცხოვრებაში ქექვა.

რეალურად სულ სხვა ფუნქციები აქვს ამ უწყებას, რომელიც საკანონმდებლო დონეზეც მონსტრი და მონოლითია შექმნილი. ბუნებრივია, მან უნდა მოახდინოს რეაგირება ასეთ საკითხებზე, ოღონდ როცა ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, საჯარო წყაროებით ხელმისაწვდომი განცხადებების ციტირებისა თუ ტირაჟირების გამო, იბარებენ პოლიტიკოსებსაც საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, აქ ბუნებრივია, ჩნდება ძალიან ლეგიტიმური შეკითხვები“, – განაცხადა სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს