საქართველოს მომავლის აკადემია: “კომუნიკაციების კომისიას იტყუება, როდესაც აცხადებს რომ სანქცირებული ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ საჩივარი არ მიუღია”

საქართველოს მომავლის აკადემია ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის მიერ  გავრცელებულ განცხადებას.

ორგანიზაციის შეფასებით, კომისია მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, რომ იმ საკითხებზე, რა მიზეზითაც დიდმა ბრიტანეთმა  ტელეკომპანია “იმედი” და “პოსტ TV” დაასანქცირა კომისიაში საჩივარი არავის შეუტანია.

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ 2025 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში მხოლოდ საქართველოს მომავლოს აკადემიამ ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში ოთხი საჩივარი შეიტანა. გასაჩივრებული სიუჟეტები ეხებოდა რუსული პროპაგანდის სტილში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის მთავარი მიზანიც ევროპელი პარტნიორებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაშავებით საზოგადოებაში ანტიევროპული და პრორუსული განწყობების გაღვივება იყო.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ ჩვენი არც ერთ საჩივარი არ დააკმაყოფილა და ოთხივე შემთხვევაში ტელეკომპანია იმედი აბსურდული და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული არგუმენტებით “გაამართლა”.1

კერძოდ, კომისიამ განაცხადა, რომ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქცირებული ტელეკომპანია „იმედის“  ეთერში გაჟღერებული ტყუილები და მიკერძოებული უარყოფითი შეფასებები ეფუძნებოდა ჟურნალისტურ გამოძიებას და შესაბამისად, მასში გაჟღერებული ინფორმაცია არ მიეკუთვნებოდა არც ფაქტებს და არც მოსაზრებებს, არამედ წარმოადგენდა “ბრალდებებს”, ხოლო “ბრალდება” კომისიის პოზიციით, სიზუსტის კუთხით შემოწმებას არ ექვემდებარება. ამგვარი განმარტება სრულიად წინააღმდეგობაში მოდის როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კანონმდებლობასთან, რომელიც გამოხატვის შინაარსის შეფასებისას მხოლოდ ორ კატეგორიას,  ფაქტსა და მოსაზრებას,  იცნობს. „ბრალდება“ როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი კატეგორია არც ეროვნულ კანონმდებლობაში არსებობს და არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში.

ამ ხელოვნური კატეგორიის შემოღებით კომუნიკაციების კომისიამ რეალურად გაათავისუფლა რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქცირებული ტელეკომპანია „იმედი“ იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც მაუწყებლებს ეკისრებათ — უზრუნველყონ ინფორმაციის სიზუსტე, თავი შეიკავონ პირადი დამოკიდებულებების გამოხატვისგან და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია. ამავე დროს, კომისიამ უგულებელყო საკუთარი წინა პრაქტიკა, როდესაც კრიტიკულ ტელეკომპანიებს დაუდგინა დარღვევა ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, როგორიცაა “რეჟიმი”, “გარუსება”, “კლანის სასამართლო”. 

ფაქტობრივად, კომუნიკაციების კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებებით არა მხოლოდ არ უზრუნველყო მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, არამედ ხელი შეუწყო სანქცირებული ტელეკომპანია იმედის მიერ რუსული სტილის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას, რომლებიც ახლა უკვე საერთაშორისო დონეზეც შეფასდა როგორც რუსეთის გავლენის ოპერაციის ნაწილი”- წერია განცხადებაში. 

საქართველოს მომავლის აკადემია აღნიშნავს, რომ კომისიის ბოლო განცხადება კიდევ უფრო შემაშფოთებელია.

მათივე შეფასებით, “კომისია, ერთი მხრივ, მედიის თავისუფლების სახელით ცდილობს დაიცვას ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული სანქცირებული პროპაგანდისტული მაუწყებლები, ხოლო მეორე მხრივ, აანონსებს თავისუფალი და კრიტიკული მედიის ცენზურას”.

განცხადების თანახმად, “ამ გზით კი კომუნიკაციების კომისია თავადაც პირდაპირ იღებს პასუხისმგებლობას იმ გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს რუსული პროპაგანდის გავრცელებას საქართველოში”.

საქართველოს მომავლის აკადემია აგრძელებს ბრძოლას საქართველოში რუსული გავლენების წინააღმდეგ და გამოიყენებს ყველა მშვიდობიან მექანიზმს საქართველოს მოქალაქეების ევროპული მომავლის დასაცავად”- აღნიშნულია განცხადებაში.