საქართველოში ერთი „ბოსტანია“ ბიძინა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების სხდომის ფარგლებში დაელაპარაკება თუ საკუთარ დენდროლოგიურ პარკში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერმა, თენგო კირთაძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მან ისაუბრა იმაზე, საჭიროა თუ არა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მთავრობის საგანგებო სხდომის ფორმატში შეკრება.
„გამონაკლისის სახით ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, რომ საგანგებო სხდომის მოწვევა საჭირო არ არის. უსაფრთხოების სხდომის მოწვევა საჭიროა იმ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების გაცვლა არსებობს. საქართველოში ასეთი არაფერი არსებობს. ერთი ბოსტანია ბიძინა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების სხდომის ფარგლებში დაელაპარაკება, თუ საკუთარ დენდროლოგიურ პარკში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, სწორი გააკეტეს, რომ არ მოიწვიეს“, – განაცხადა კირთაძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა დემოკრატიულმა სპექტრმა.
„ეს ზუსტად ის არის, რაც დღეს წინააღმდეგობისთვის, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის არის საჭირო და რა პასუხისმგებლობის აღებაც პოლიტიკურ სუბიექტებს ამ დროს შეეძლოთ. ეს არის ერთობა მრავალფეროვნებაში. ამას ჩვენ ხაზი გავუსვით დოკუმენტშიც. ვფიქრობ, ამის ხაზგასმაც აუცილებელი იქნება, რადგან ქართული საზოგადოება არის მრავალფეროვანი და მას მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს. ამ მრავალფეროვნების უგულებელყოფა ნაკლები შედეგის მომტანია მაშინ, როდესაც ჩვენ პროტესტის გაფართოებით ვართ დაინტერესებული. პოლიტიკური სუბიექტები ამოვიდნენ საზოგადოების და განსაკუთრებით, წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანების დაკვეთიდან. დემოკრატიული დაკვეთა არსებობდა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს მომავალთან დაკავშირებით გაეცათ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები. ამისთვის საჭიროა გამოკვეთოს ალტერნატივა, რომელსაც აქვს ხედვა იმ გზასთან დაკავშირებით, რომელიც ცვლილებებთან მიგვიყვანს და რაც ხდება ცვლილებების შემდეგ. დღეს საზოგადოების ერთი ნაწილი რეჟიმით და ბიძინა ივანიშვილით ძალიან უკმაყოფილოა, თუმცა შიშების და ნეგატიური მოლოდინების გამო, პროტესტში არ არის, ფიქრობს, ხომ არ სჯობს გავჩერდეთ, არეულია სამყარო და არ ვიცით, ხვალ რა იქნება – ე.წ. სტატუს კვოში არის ჩაკარგული. ამ ადამიანებს კითხვებზე უნდა გავცეთ პასუხი და ეს დემოკრატიულ ალიანსს შეუძლია“, – განაცხადა კირთაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა ძალა შეიძლება გააჩნდეს ასეთ „ოპოზიციურ ალიანსს“ და აქვთ თუ არა მათ მაღალი რეიტინგი, თენგო კირთაძის განმარტებით, ამათ არავითარი აქტიური რეიტინგები არ გააჩნიათ, რადგან ფაქტობრივად, საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვები არ ტარდება“. ის მიჩნევს, რომ საზოგადოებამ ალტერნატიული ძალა უნდა დაინახოს.
„დღეს გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული სიტუაცია. საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არსებობს რეჟიმის მიმართ პროტესტი, ამ ენერგიის პოლიტიკური გარდასახვა არის აუცილებელი, მაგრამ ალტერნატივა არ გამოჩნდა. ძალა, რომელიც დღეს ალტერნატივის ჩვენებას შეძლებს, წაიღებს ფაქტობრივად მთელი პროტესტის მხარდაჭერას“, – განაცხადა კირთაძემ.
რაც შეეხება პარტიებს „ლელოს“ და გახარია -საქართველოსთვის“, რომლებიც ალიანსს არ შეუერთდნენ, თენგო კირთაძის თქმით, „ეს არის გზა, რაც რეჟიმის ნორმალიზებას უწყობს ხელს“.
„კითხვა არ მდგომარეობს იმაში, ეს ალიანსი დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს განდევნის თუ არა ველიდან, ეს აუცილებლად მოხდება. დანარჩენებს შანსი არ აქვთ. მათ თვითონ შეუძლიათ ეს პროცესი ალიანსთან შემოერთებით დააჩქარონ. ამ პროცესის დაჩქარება არის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. ჩვენ აქ მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების გაძლიერებაზე ხომ არ ვსაუბრობთ. ამ პოლიტიკური სუბიექტების და ზოგადად, ალიანსის გაძლიერება გვჭირდება იმისთვის, რომ რეპრესიული რეჟიმი შევცვალოთ დემოკრატიული ალიანსით“,-განაცხადა კირთაძემ.
მან ალიანსის წევრების მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზაფხულზე დაგეგმილი ვიზიტიც შეაფასა და განაცხადა, რომ წინააღმდეგობის მთავარი ხაზი გადის საქართველოში, თუმცა საგარეო მხარდაჭერა არის ერთ-ერთი ფაქტორი.
„რეჟიმმა ვერ უნდა შეძლოს თავისი ცრუ ინფორმაციებით, ცრუ ლობისტებით საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე თავისთვის „გამოივაჭროს“, თუმცა ამის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს. ალიანსი ჩავა კონკრეტული ხედვით, არა „ჩვენ ჩამოვედით და რაღაცით დაგვეხმარეთ“, არამედ ამ შეთანხმებას მივაღწიეთ, ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში და მზად ვართ ჩვენი ქვეყნისთვის ეს გავაკეთოთ. ეს დემოკრატიული ცვლილების შემდეგ მოხდება. პარტნიორებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები გააზრებული აქვს და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვიწროპარტიული ინტერესები გვერდით გადადო და მზად არის, ერთობლივი სტრატეგიისა და წესების ირგვლივ, ქვეყანას დემოკრატიული ცვლილებები მოუტანოს“, – განაცხადა კირთაძემ.
მისი განმარტებით, ალიანსის წევრები მომდევნო დღეებში გააგრძელებენ შეხვედრებს, რომ უკეთესად მოხდეს კოორდინაცია.
„დეცენტრალიზებულ ჯგუფში ძალიან ბევრი ჯგუფი, ორგანიზაცია, ინდივიდუალური აქტორი არსებობს, რომლებმაც ამ წინააღმდეგობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. ეს ენერგია დეცენტრალიზებული ფორმით, მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი ეს ენერგია უნდა შეერთდეს, რომ შემდეგ პოლიტიკური გარდასახვა მოხდეს იმ ენერგიის, რაც საზოგადოებაში არსებობს. ამიტომ, ალიანსის შიგნით შეხვედრა მიმდინარეობს. ყველა მსხვილ სამოქალაქო ორგანიზაციასთან ამ დღეებში გვექნება შეხვედრები, რომ ჩვენი სტრატეგია, სამოძრაო რუკა მათ გავაცნოთ და მოხდეს უკეთესად კოორდინაცია. პირველი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ პროტესტი უნდა გაფართოვდეს. ამას ხელს შეუწყობს ის, რაც უფრო მეტი ორგანიზაცია იქნება ჩართული და ერთი გზავნილით ისაუბრებს. არ იქნება განსხვავებული პოზიციები, როცა ერთი ალთას არის და მეორე ბალთას. ამის კოორდინირება გვინდა. მეორე, რაც არის აუცილებელი, გვინდა რეგისტრაციის კამპანია გავაკეთოთ. გამოვკვეთოთ პროცესში ჩართული საქართველოს აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც ღიად შეუძლიათ თქვან: „წინააღმდეგობის არ მეშინია“, – განაცხადა კირთაძემ.




