: როგორც „იმედში“, ისე POSTV-ში – ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ორივე კომპანიასთან თანამშრომლობა

დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია „იმედში“, ისე POSTV-ში, ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,  ჟურნალისტებს ტელეკომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ფურცელზე ეს არის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი.

„ამ სანქციებს ალბათ განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება. უბრალოდ ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში და ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ვიხილეთ. არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ და სამართლიანად მიიჩნეოდა. სწორედ აქ იწყება ადამიანის უფლებების ისტორია ინგლისში, ისტორიულად და დღეს არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში არც მედიის თავისუფლება, არც ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის ბრიტანული ბიუროკრატია, რაც არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. არასერიოზულია, სამარცხვინოა.

2007 წელსაც ძალიან ბევრ ადამიანს, „ნაცებს“ უხაროდათ, როდესაც შეილახა მაშინაც „იმედისთვის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. მაშინაც იყო უამრავი აჟიტირებული ადამიანი. დღესაც იგივე ადამიანები არიან აჟიტირებული. თუ მაშინ ეფექტური იყო „იმედის“ უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად ფუჭი მცდელობა, რომ შეიზღუდოს „იმედისთვის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. ამ ქვეყანაში სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე. 2012 წლამდე ამ ქვეყანაში იყო შელახული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის შელახული იყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, სრული მონოპოლია იყო ჩამოყალიბებული და 2012 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არავის შევალახვინებთ ამ ძირითად უფლებას. დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია „იმედში“, ისე „პოსტვ-ში“. ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ იმისთვის, რომ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა.

„ეს არის ფუჭი აჟიოტაჟი. ყველა ქმედება განხორციელდება რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებები. ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ყველა ზომა არის ყველა ზომა. რისი შელახვაც სცადა ბრიტანეთმა, იმას ბოლომდე დავიცავთ. ისევე როგორც 2007 წლის მერე, მართალია 5 წელი დასჭირდა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების აღდგენას, მაგრამ საბოლოოდ 5 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ უფლების აღდგენა „იმედისთვის“. ახლა არ დაგვჭირდება 5 წელი, დაგვჭირდება მაქსიმუმ 5 დღე იმისთვის, რომ სრულად უზრუნველვყოთ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა როგორც ტელეკომპანია „იმედისთვის“, ისე „პოსტივისთვის“. ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ბუნებრივია ორივე კომპანიასთან თანამშრომლობა“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “იმედი” და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.