გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, რა დროსაც სამი მოზარდი გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, მოზარდები სოფელში არსებულ სამების ეკლესიაში წავიდნენ და იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ტრაგედია დატრიალდა, საჭესთან კი 14 წლის ბავშვი იჯდა.
„ეს ისეთი უბედურებაა, როცა სიტყვები უძლურია. გაგვანადგურა ამ ამბავმა. გუშინ საღამოს 10:00 საათზე დატრიალდა და ყველა თავზარდაცემულია. საჭესთან 14 წლის ბავშვი, მერაბ შინჯიკაშვილი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე ამ ბავშვს მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა. იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით.
მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, სულ ხუთნი ისხდნენ, ორი გადმოვარდა, ბავშვებს ნეკნები აქვთ დამტვრეული და სამი არასრულწლოვანი საბა, მერაბი და გვანცა დაიღუპნენ. წარმოუდგენელი ამბავია. საბა და მერაბი დეიდაშვილები არიან, გარდაცვლილი გოგონა გვანცა, მათი ბიძაშვილია, ის ქალაქიდან იყო ჩამოსული და ეს დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. გლოვაა სოფელში, განადგურებულია ყველა“,- აღნიშნავენ ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან.
უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა, სამმა კი ვერ მოასწრო.




