5 ადამიანი დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ ქალაქ ჩასივ-იარის დაბომბვის შემდეგ
რუსეთის ჯარები 31 აგვისტოს დილით კვლავ დაესხნენ თავის დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ- იარს. „რუსებმა დღეს დილით ქალაქი დაბომბეს, ჭურვები კერძო სახლს და მაღალსართულიან შენობას მოხვდა“, - განაცხადა უკრაინის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა.
ჩასივ-იარის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ფილაშკინმა განმარტა, რომ ყველა გარდაცვლილი 24-დან 38 წლამდე მამაკაცია.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით რეგიონის ხელმძღვანელმა ჩასივ-იარს უწოდა ქალაქი, რომელშიც" ნორმალური ცხოვრება ორ წელზე მეტია შეუძლებელია" და ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
უკრაინის სარდლობის ცნობით, პუტინის დავალებით, რუსეთის არმიას 9 მაისამდე უნდა აეღო დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ჩასივ-იარი. რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ქალაქ ბახმუტიდან 12 კილომეტრით დაშორებული ჩასივ-იარის აღება რუსეთის არმიას გზას უხსნის ქალაქების კონსტანტინოვკის, დრუჟკოვკისა და კრამატორსკისკენ. 2014 წლიდან კრამატორსკი უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებული დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციას ასრულებს.
ჩასივ-იარის გარდა რუსეთის არმია შეტევებს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის მიმართულებითაც აწარმოებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.