30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ისაკო დევიძეს, რომელიც 20 დეკემბერს დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს, რომელიც პოლიციამ 20 დეკემბერს პარლამენტის წინ დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ედავებიან პოლიციელის შეურაცხყოფას. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა „პუბლიკა“.
„მე პოლიციელს მივაყენე შეურაცხყოფა თუ არა, ეს არის მეასეხარისხოვანი - იმ ყველაფრის პარალელურად, რაც დღეს ხდება ჩვენ თვალწინ, ჩვენს რეალობაში“, - თქვა მან სასამართლო სხდომაზე.
ისაკო დევიძე 20 დეკემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ფილარმონიასთან შეკრებილი დემონსტრანტები ჯერ თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. მათი მოთხოვნაა, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება BBC-ს ფილმში გაჟღერებული ინფორმაციის გადასამოწმებლად - გამოიყენა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალული ნივთიერება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის დაშლის დროს.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.