24 წლის ქალმა ყოფილ მულს ინტიმური ფოტო-ვიდეოები ნათესავებში გაუვრცელა — საგამოძიებო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 24 წლის ქალი, რომელსაც ბრალად ედება ყოფილი ქმრის დის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. კონკრეტულად, ქალი ყოფილ მულს ყალბი სოციალური ქსელით, კაცის სახელით გაეცნო. საუბრისას დაარწმუნა, რომ მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გაეგზავნა.
მოტყუებით მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალები ქალმა შურისძიების მიზნით ნათესავებში გაავრცელა.
“სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით მამაკაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა მოიპოვა. დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა.
ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა”, – ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებამ ჩხრეკისას დაკავებული ქალის მობილურ ტელეფონიდან ამოიღო დაზარალებული ქალის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.
დაკავებულ ქალს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.