2025 წელს ცხოველებში ცოფის მე-6 შემთხვევა გამოვლინდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს.
ლაბორატორიული კვლევით ცოფი დადასტურდა.
“სააგენტოს ვეტერინარებმა დაავადების კერაში მყისიერად დაიწყეს საკარანტინო ღონისძიებები – ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია, სადეზინფექციო სამუშაოები, ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ფაქტის შესახებ ეცნობა ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურებს”, – აცხადებენ უწყებაში.
მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცხოველებში ცოფის 6 შემთხვევაა გამოვლენილი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უწყება ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.
“ამავდროულად, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხორციელდება უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. აღსანიშნავია, რომ ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოფის გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.
დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3761-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, ასევე, მხარი დაუჭირონ პროგრამას, რომელიც უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლს ისახავს მიზნად, რათა თავიდან ავიცილოთ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…