სურსათის ეროვნული სააგენტო – წალკის მუნიციპალიტეტში ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს. სეს-ის განმარტებით, ლაბორატორიული კვლევით ცოფი დადასტურდა.
„სააგენტოს ვეტერინარებმა დაავადების კერაში მყისიერად დაიწყეს საკარანტინო ღონისძიებები – ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია, სადეზინფექციო სამუშაოები, ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ფაქტის შესახებ ეცნობა ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურებს.
მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცხოველებში ცოფის 6 შემთხვევაა გამოვლენილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.
ამავდროულად, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხორციელდება უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. აღსანიშნავია, რომ ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოფის გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.
დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3761-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, ასევე, მხარი დაუჭირონ პროგრამას, რომელიც უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლს ისახავს მიზნად, რათა თავიდან ავიცილოთ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…