19 არასამთავრობო განათლების სამინისტროსთან მიმდინარე პროტესტზე განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან განათლების სამინისტროსთან საჯარო სკოლების დირექტორობის კონკურსში მონაწილე მასწავლებლების პროტესტს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 დეკემბრიდან მაია ეკალაძე და დავით ფერაძე განათლების სამინისტროს წინ, ღია ცის ქვეშ გამოთქვამენ პროტესტს და ადილზე ათენებენ ღამეს, ამ პერიოდიდანვე, მაია ეკალაძემ პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმას, შიმშილობას მიმართა.
19 ორგანიზაცია სამინისტროს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
· გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოსათვის არ იყო წარდგენილი დირექტორობის კანდიდატ(ებ)ი;
· შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და ამ სკოლებში ნებისმიერ სერტიფიცირებულ კანდიდატს მიეცეს მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება. დირექტორობის კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა გადაწყვიტოს მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭომ, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე.
· სასერტიფიკატო წერითი გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის (162 ადამიანი) დაინიშნოს ხელახალი გასაუბრება. გასაუბრების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ამ პირებსაც მიეცეთ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
· გაიმართოს მოლაპარაკებები სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატებთან და იმ სკოლებში, სადაც არ იქნება სერტიფიცირებული კანდიდატი (1-3 პუნქტის განხორციელების შემდეგაც), დისკრეციის უფლებით დაინიშნონ სერტიფიცირებული კანდიდატები. ასეთ(ებ)ის არ არსებობის შემთხვევაში, დისკრეციის უფლებამოსილების გამოყენება დასაბუთებული იყოს არგუმენტირებულად.
· შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (სპეციალური კომისია), რომელიც: უზრუნველყოფს სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში ჩატარდება დირექტორების კონკურსი; სასერტიფიკატო გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის (162 ადამიანი) ჩაატარებს გასაუბრებას. შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლის დირექტორების მუდმივი პროფესიული განვითარების სისტემის შესაქმნელად. სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომისია დაკომპლექტებული იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე თემატური საზოგადოებრივი ორგანიზაციების, განათლების სპეციალისტების, სახალხო დამცველისა და სხვა შესაბამისი წარმომადგენლების მიერ.
· სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტების აღსრულების ვალდებულება დაეკისროს საქართველობას მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
“მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმოკლეს ვადებში, გაითვალისწინოს აღნიშნული რეკომენდაციები და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა საფრთხე არ შეექმნას პროტესტში მონაწილე ადამიანთა ჯანმრთელობას და თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გაუარესება (მაგ. მოშიმშილეთა რაოდენობის ზრდა, რაც დაანონსებულია სამინისტროს მხრიდან ქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში). ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ, გამოვთქვამთ მზაობას პროცესებში მონაწილეობისა და შუამავლობისათვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხელს აწერენ:
· განათლების კოალიცია
· სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR)
· სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
· ღია სივრცე კავკასია (COS)
· სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
· მშობლები განათლებისთვის
· საფარი
· სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
· საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
· ა(ა)იპ შეხვედრის ადგილი დმანისი
· თავისუფალი ასოციაცია
· საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო
· ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
· დემოკრატიის მცველები
· სამოქალაქო განათლებისა და რეაბილიტაციის ცენტრი (CERC)
· ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
· საქართველოს მომავლის აკადემია (GFA)
· პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, 1200-მდე საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის ფუნქციას ასრულებენ მოვალეობის შემსრულებლები. სკოლის დირექტორების არჩევნები 927 სკოლაში ჩატარდა და მათ უმრავლესობაში სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, მიუხედავად მსურველთა რაოდენობისა.