მაია ეკალაძემ შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება

განათლების სამინისტროსთან მოშიმშილე პედაგოგმა, მაია ეკალაძემ შიმშილობა შეწყვიტა.
პედაგოგის განცხადებით, შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად პროტესტი მაინც გაგრძელდება. აქციის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან განათლების სამინისტროსთან.
“პროტესტის მიზეზი გახდა დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდა და მასზე არსებული დანაშაულები, საჭიროა ამ დანაშაულების გამოძიება. ჩვენ თვითონ სტრუქტურისგან ვითხოვდით ამას ამდენი თვის განმავლობაში და ეს აუცილებლად მოხდება, აუცილებლად განხორციელდება. პროტესტი შიმშილობით აღარ გაგრძელდება, რადგან კაციჭამიას წინ არ დავუდგებით და არ ვეტყვით შეგვჭამეო, მაგრამ პასუხები უნდა მივიღოთ სამინისტროსგან. დემოკრატიული პროცესები ასე მარტივად არ უნდა იშლებოდეს საგანმანათლებლო სისტემაში მაინც”, – ამბობს მაია ეკალაძე.
შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მასწავლებელმა მას შემდეგ მიიღო, რაც იგი გუშინ, 6 დეკემბრის ღამეს, შეუძლოდ გახდა. პედაგოგს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მაია ეკალაძემ შიმშილობა 4 დეკემბერს დაიწყო. პედაგოგები დირექტორის არჩევის წესის ცვლილებასა და სახელფასო ანაზღაურების ზრდას ითხოვენ. მაია ეკალაძესთან ერთად სამინისტროსთან ღამეს ათენებს მასწავლებელი დავით ფერაძე.
განათლების სამინისტროსთან მიმდინარე პროტესტს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებითაც გამოეხმაურნენ. ისინი განათლების მინისტრს მოუწოდებენ, რომ დემოკრატიულ პროცესს დაუბრუნდნენ.
საჯარო სკოლების დირექტორების კანდიდატები შაბათს, 9 დეკემბერს საპროტესტო აქციას აანონსებენ.

ასევე დაგაინტერესებთ