18-წლამდე 7-კაცას ტურნირი “შევარდენზე”

9 და 10 მაისს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ჭაბუკთა ა ლიგის (18-წლამდე) აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს შორის 7-კაცა რაგბის ტურნირი გაიმართება.
მოგეხსენებათ, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წელს საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრები აღდგება, რომელიც ზაფხულში რაგბი ევროპის ტურნირში ჩაერთვება. გუნდს დიმიტრი კიკნაძე და ლუკა ხეხელაშვილი გაუძღვებიან და მათ კანდიდატების საქმეში ხილვის შესაძლებლობა „შევარდენზე“ გამართულ თამაშებში ექნებათ.
ტურნირში აღმოსავლეთ საქართველოს 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ისინი ჯგუფებში ასე განაწილდნენ: ა ჯგუფი – ‘ლელო წითელი’, ‘ყოჩები’, ‘არმაზი’, ‘ალაზანი/თიანეთი’; ბ ჯგუფი – ‘ხვამლი’, ‘რაშები’, ‘ლელო შავი’, ‘გორი’; გ ჯგუფი – ‘არმია’, ‘ლოკომოტივი’, ‘აკადემია’, ‘ტაო/წიქარა’.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 9 მაისს 11 საათზე დაიწყება და 18 საათზე დასრულდება. დებულების თანახმად, 8 საუკეთესო გუნდი თასის მეოთხედფინალში გავა, ხოლო 4 აუტსაიდერი მე-9-მე-12 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
ფლეი ოფის შეხვედრები 10 მაისს 11 საათზე დაიწყება, ფინალი კი 17 საათზეა ჩანიშნული.
მსგავსი ტურნირი მოგვიანებით ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს გუნდებისთვისაც გაიმართება.
Rugby.ge