126 ათასზე მეტ ადამიანს სოციალური დახმარება შეუწყდა

როგორ გაქრა სოციალურად დაუცველების სიიდან 6 თვეში 126 ათასი ადამიანი?! სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ხალხი ისე გამდიდრებულა, რომ სოციალური შემწეობა აღარ სჭირდება. მხოლოდ 1 თვეში მაისიდან ივნისამდე 20 896 მოქალაქეს შეუწყვიტეს დახმარება! როგორ მივიღეთ ეს შედეგი? – ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება რიცხვებით მანიპულირებს.

იანვარში სოციალურ შემწეობას 710 ათასი ადამიანი იღებდა, თუ ეკონომიკა იზრდება, სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი ლოგიკური არ არის. ამიტომაც სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვმა კლება დაიწყო და 6 თვის თავზე სიაში 584 ათასი მოქალაქეა. ეკონომისტები წლებია ამ სტატისტიკას აკვირდებიან, ამბობენ, რომ  შემწეობას და საბიუჯეტო სახსრებს ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის იყენებდა, ახლა ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის პოლიტიკური ლოიალობა აღარ სჭირდება და თან სტატისტიკის გამოსწორებას ცდილობს.

ასი ათასობით მოქალაქე, ვისაც ახლა მინიმალური სოციალური დახმარება შეუწყვიტეს, სიაში შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა – უნდა დაეკმაყოფილებინა არაერთი კრიტერიუმი და გაევლო შემოწმება. თუ სიაში ვინმე დარღვევით, პარტიული ნიშნით აღმოჩნდა, ესეც ქართული ოცნების დამსახურებაა და ირაკლი კობახიძეს გაუჭირდება პასუხისმგებლობის მოხსნა.

არსებობს რამდენიმე ვერსია –  სტატისტიკით მანიპულაციის და ბიუჯეტის დაზოგვის მცდელობა სოციალურად დაუცველების ხარჯზე. მაგრამ დღეს ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ საქმე პოლიტიკას არ ეხება, უბრალოდ მოქალაქეებს, ვინც სიიდან ამოიღეს, სახელმწიფოს დახმარება აღარ სჭირდებათ.

ირაკლი კობახიძემ რამდენიმე თვის წინ  თქვა, რომ სოცდაუცველების რაოდენობა გაბერილია, შემდეგ ამ მოქალაქეების დასაქმების პროგრამას ფიქტიური უწოდა. ეს ნიშნავს წლების განმავლობაში გაფლანგულ ფულს, რომელზეც დღეს ივანიშვილის პარტიაში ბევრს არაფერს ამბობენ, მაგრამ ფაქტია, დანაშაულზე პასუხიმგებელი პირების ძებნა თავისივე გუნდში მოუწევთ.

წყარო