: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!

მწერალი :
გუშინ ვუსმინე ჩემს ერთ ძალიან პატივსაცემ პოლიტიკოსს, რომლის გულშემატკივარიც ვარ და ვენდობი… მესმის მისი არგუმენტებიც და მესმის იმ სამწუხარო დრამატული ჰეროიზმისაც, რომ პოლიტიკოსი არსად მიდის და ვაჟკაცურად ხვდება მორიგ რეპრესიას, და რომ ეს ერთხელაც უფრო მეტ მორალურ კაპიტალად იქცევა… ის ზვარაკია და ჩვენ კი მაყურებლები… არადა ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრით, მისი და სხვა ლიდერების დაკავება კიდევ უფრო მეტად დაგვასუსტებს და აპათიაში ჩაგვაგდებს (ეს იცის რეჟიმმა), სხვას კი უფრო მეტად გაუჩნდება ესკაპიზმის სურვილი…
ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!
ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო ადვილი არაა სხვაგან წასვლა, მაგრამ თუკი ამის შესაძლებლობაა, სჯობს ადამიანმა დროებით თავი შეაფაროს სხვა ქვეყანას, იქიდან სცადოს დახმარება და იქნებ ამით მაინც დაიხსნას თავი ციხისგან, რაკი მისი დახსნის სხვა ძალა ახლა არ მოგვეპოვა.
ნეტა ყველა გარეთ იყოს და მეტი არ მოხვდეს ციხეში! ყველა პოლიტიკური პატიმარი!
სწორად მივიჩნევ, რომ “ლელოს” დამფუძნებელი და გიორგი გახარიაც უცხოეთში არიან და არ მივიჩნევ ამას მორალურ კომპრომისად. არაფერს შეგვმატებდა მათი ციხეში ყოფნა… ნუ ვუქმნით ჩვენც ნებით და უნებლიეთ ამ ადამიანებს მორალურ წნეხს, რომ შეგვეწირონ და რაკი “სხვა ვერაფერს შვრებიან”, თავი მაინც გადადონ და თავისუფლება და გაწირონ საჩვენოდ! ჩვენდა სამწუხაროდ, ამის დამფასებელი ახლა დიდად ბევრი არავინაა. მხოლოდ სისუსტის კალათი ივსება უფრო მეტად. თუ გაქვთ მცირედი შანსი მაინც, რომ აცდეთ ივანიშვილის მძევლობას, გამოიყენეთ ეს შანსი. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ კაცის სადისტური რეჟიმი განზრახ ცხელ ზაფხულს არჩევს პოლიტიკოსების დასაჭერადაც, რადგან ვიცით, რა უმძიმესი პირობებია პატიმრებისათვის გავარვარებულ საპყრობილეში (ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ახლაც აქვს). ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!