ჰელსინკის კომისია: "ქართული ოცნება" ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან
აშშ-ის "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია" - იგივე ჰელსინკის კომისია - პლატფორმაზე X აქვეყნებს განცხადებას "ქართული ოცნების" მხრიდან შავი ფულის გამოყენების შესახებ თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან.
"'ქართული ოცნება' ეყრდნობა შავ ფულს, თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მსოფლიოს გარშემო, საიმისოდ, რომ დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროვოს მისი ოპოზიცია" - წერს ჰელსინკის კომისია.
კომისია სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს დაუპირისპირდეს ამგვარ ქოლ-ცენტრებს, "რომლებიც აფინანსებენ 'ქართული ოცნების' ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ".
„ქართული ოცნების“ მიერ თაღლითური ქოლცენტრების გამოყენება ნახსენები იყო ჰელსინკის კომისიის წევრი ამერიკელი კონგრესმენების წერილშიც, რომლითაც მათ 31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართეს და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის ხელისუფლების კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. კომისიის ცხრა წარმომადგენელი სენატის წევრია, ცხრა - წარმომადგენელთა პალატის, სამი - აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პირია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.