“ჰამასის” წარმომადგენლები ეგვიპტეში ქაიროს სამშვიდობო გეგმას განიხილავენ

პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი დონის ოფიციალური პირებისგან შემდგარი დელეგაცია დღეს ქაიროს სტუმრობს. ეგვიპტის დედაქალაქში 29 დეკემბერს სამშვიდობო ინიციატივის განხილვა დაიწყო.
ქაირო „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომის დასრულების მიზნით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების წინადადებით გამოვიდა. სამფაზიანი სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს აყვანილი მძევლების გათავისუფლებას და ისრაელში მყოფი პალესტინელი ტყვეების გაცვლას; ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც დაასრულებს ომს და ტექნოკრატთა პალესტინის მთავრობის შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ომის შემდგომ ღაზის სექტორის ადმინისტრირაციაზე.
წინადადება „ჰამასს“ და „ისლამურ ჯიჰადს“ გასულ კვირას წარუდგინეს.
დღეს, ს შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძო საჰაერო დარტყმები და სახმელეთო ოპერაციები, რომლებიც მიმართულია “ჰამასის” წინააღმდეგ ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში. მოსახლეობა ამბობს, რომ ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ლტოლვილთა ბანაკები ღამით თავდასხმის შედეგად დაზარალდა. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში.
ყველაზე მძიმე დაპირისპირებას ადგილი ღაზის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში ჰქონდა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულმა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის დაბომბვას იქ რვა პალესტინელი ემსხვერპლა. ჩრდილოეთით, ღაზის ცენტრალურ ნაწილში, მაღაზის ლტოლვილთა ბანაკში, სამი პალესტინელი დაიღუპა და ექვსი დაშავდა სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, განაცხადა პალესტინელთა წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ.
გაეროს ჰუმანიტარულმა ოფისმა თქვა, რომ ბრძოლები ღაზის სექტორში იწვევს კომუნიკაციების შეფერხებას, გზები ჩაკეტვას და საწვავის ნაკლებობას, რაც “მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის ჰუმანიტარულ ოპერაციებს”.
ისრაელის სამხედროებმა ერთი დღით ადრე განაცხადეს, რომ „წუხან იმ ზიანის გამო, რომელიც [კონფლიქტში] არამონაწილე მშვიდობიან მოსახლეობას მიადგა“ კვირას მომხდარი საჰაერო თავდასხმის შედეგად, როცა ისრაელმა მაღაზის ლტოლვილთა ბანაკს შეუტია. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა ორ სამიზნეს შეუტიეს, „რომელთა მიმდებარედაც “ჰამასის” მებრძოლები იყვნენ განლაგებული“. პირველადმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სხვა შენობებიც დაზიანდა, რამაც „დაუგეგმავი ზიანი მიაყენა დამატებით მშვიდობიან მოქალაქეებს“.
ისრაელმა ღაზის სექტორს “ჰამასის” თავდასხმის პასუხად შეუტია. 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელში 1,200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. დაახლოებით 240 ადამიანი კი მძევლად გაიტაცეს.
ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მიტანილი საპასუხო იერიშების შედეგად, “ჰამასის” მიერ კონტროლირებული ხელისუფლების მონაცემებით, 20,000-მდე ადამიანი დაიღუპა. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს “ჰამასი” ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ