ჯონ კირბი: აშშ პუტინის გაფრთხილებას სერიოზულად იღებს და უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკას არ შეცვლის

აშშ უკრაინის მიერ რუსეთზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლას არ გეგმავს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შეხვედრის ფონზე სერიოზულ განცხადებებს არ ელოდება.
„უკრაინის მიერ რუსეთში დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ამ საკითხზე სერიოზულ განცხადებებს არ ველოდები“, - განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.
გარდა ამისა, თეთრი სახლის სპიკერმა თქვა, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად იღებს კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილებას, რომ, თუ უკრაინას რუსეთის მისამართით დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების უფლება მიეცემა, დასავლეთის ქვეყნები კონფლიქტის უშუალო მონაწილეები გახდებიან.
„ეს არ არის რიტორიკა, რომელიც მისგან აქამდე არ გვსმენია”, - აღნიშნა კირბიმ და დასძინა, რომ შეერთებული შტატები პუტინის კომენტარებს სერიოზულად იღებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.