ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრს - ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის ბიუჯეტი 51%-თ გაიზარდა - შეგიძლიათ საზოგადოებას აუხსნათ რა იყიდეთ, მოსმენების დამატებითი აპარატურა იყიდეთ?
რატომ დაგჭირდათ ოტოს [ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი] ბიუჯეტის გაზრდა და რატომ შემცირდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, მაშინ როდესაც შოვისა და გურიის ტრაგედიების შემდეგ არავითარი წინასწარი შეტყობინების სისტემაზე არ არის საუბარი , - ამ შეკითხვით მიმართა „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის, რომელიც პარლამენტში, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
დეკანოიძის განცხადებით, 2016 წლიდან სუს-ის დაფინანსება 106 მილიონით გაიზარდა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება კვლავ იზრდება. სუს-ის დაფინასნება 2016 წლიდან 106 მილიონით გაიზარდა. იმ თანხიდან, რა თანხითაც იზრდება სუს-ის დაფინანსება, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა იზრდება 9%-ით, ხოლო ოპერატიული-ტექნიკური საქმიანობის უზრუნველყოფა ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის, 51%-ით გაიზარდა. შეგიძლიათ საზოგადოებას აუხსნათ ამ 51%-ით რა იყიდეთ? მოსმენების დამატებითი აპარატურა იყიდეთ?
ოპერატიული-ტექნიკური მომსახურება რატომ გაიზარდა 51%-ით? წინასწარი შეტყობინების ტექნოლოგიურ სისტემებზე, საერთოდ არ არის გამოყოფილი თანხა. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 16%-ით, სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლება სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნა და მართვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით, 2 მილიონით არის გაზრდილი, აქ აღჭურვაზეა საუბარი თუ გადამზადებაზე?“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.