ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისთვის 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკურად მოტივირებულია.

როგორც დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ხაბეიშვილს სასჯელი დაეკისრა არა დანაშაულისთვის, არამედ პოლიტიკური საქმიანობისა და საჯარო განცხადებების გამო.

მისი შეფასებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მსგავსი შემთხვევა იშვიათია, როდესაც პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის პატიმრობა მიესაჯოს.

„ლევან ხაბეიშვილს პატიმრობა არაფრისთვის მიესაჯა. ზუსტად იმისთვის, რაც პოლიტიკოსმა უნდა გააკეთოს, ეს არის საარჩევნო დაპირება, მოსაზრებების გამოთქმა. საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება, პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს 2 წლით და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა. ეს არის ნათელი მაგალითი თუ რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“

კითხვა მინდა დავუსვა იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება კიდევ უჭერდნენ მხარს „ქართულ ოცნებას“ – ფასები დაიკლებს იმის გამო, რომ  პატიმრობაში იქნება? ახალგაზრდებს რამე პერსპექტივა გამოუჩნდებათ? ან საქართველო დაცული იქნება?“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, მაშინ როცა ირაკლი  ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის დანიაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე საუბრობს და კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს, თავად საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები საპატიმროებში იმყოფებიან.

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების ეს მიდგომა „ფარისევლობაა“ და ემსახურება პროპაგანდის გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„მაშინ, როდესაც ნერვიულობს დანიაში მიმდინარე პროცესებზე და დემოკრატიაზე, ფაქტია, რომ სისტემა პოლიტიკოსებს არაფრისთვის უსჯის პატიმრობას. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმარი პოლიტიკოსები, ჩვენ გვყავს სინდისის პატიმრები. ყველა პროფესიის ადამიანია საპატიმროში. „ქართული ოცნების“ ფარისეველთა არმია ტყუილით და პროპაგანდით საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ევროკავშირის ქვეყნებში დემოკრატიის პროცესები კარგად არ მიდის. ჩემთვის ეს არის ფარისევლობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.