ხათუნა ლაგაზიძე – ოპოზიციური პარტიების მიზანია, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორის კლიშე ჩამოირეცხონ, მაგრამ ამისთვის მხოლოდ დისტანცირება არ არის საკმარისი – მათ უნდა შეძლონ ამომრჩევლებისთვის საკუთარი იდეების შეთავაზებაც

არჩევნებამდე 1 წელია დარჩენილი და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას სჭირდება საკუთარი ნიშა. პირველი, რასაც ისინი ცდილობენ გააკეთონ, არის ის, რომ მაქსიმალურად დისტანცირდნენ „ნაციონალური მოძრაობისგან”, -ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, „ნაციონალური მოძრაობისადმი“ ოპოზიციური პარტიების ნეგატიური დამოკიდებულების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების ხისტი რიტორიკის მიზეზია ის, რომ „ოცნება“ ცდილობს მთელი ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „ჩაყაროს საერთო ყულაბაში“.
„გვახსოვს „ოცნების“ მმართველობის პერიოდი, მთავარი მესიჯი ოპოზიციასთან მიმართებით, სანამ უკრაინის ომი დაიწყებოდა იყო ის, რომ ყველანი „ნაციონალების“ დაკრულზე ცეკვავდნენ და „ნაციონალების“ დამატება იყვნენ. შესაბამისად, „ნაციონალებთან“ ერთად ისინი ქმნიდნენ საფრთხეს „ოცნების“ ამომრჩევლისთვის. ეს იყო მთავარი, რითაც „ქართული ოცნება“ წლიდან წლამდე არჩევნებს იგებდა. უკრაინის ომის დაწყებისთანავე ამას დაერთო ახალი მესიჯი – ე.წ. ომის პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან. „ოცნება“ შეეცადა მთელი ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ჩაეყარა საერთო ყულაბაში, რასაც ჰქვია „ომის პარტია, თითქოს ვიღაცას საქართველოში ომის დაწყება უნდოდა“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას „არ უშველის“ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დამღისგან დისტანცირება, არამედ მათ უნდა შეძლონ საკუთარი თავის იდენტიფიკაცია.
„რას მიაღწევენ ისინი, ეს გამოჩნდება წინასაარჩევნოდ და გაზაფხულზეც, როცა ოპოზიციური პარტიები დადგებიან გამსხვილების აუცილებლობის წინაშე. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბევრი პარტია დაჯგუფდეს და ამის ხარჯზე ვიხილოთ გამსხვილება. გარდა იმისა, რომ ისინი უნდა დისტანცირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დამღისგან, რაზეც ფიქრობენ, რომ მათი ამოცანაა, მხოლოდ ამაზე პოზიციონირება ოპოზიციას არ უშველის. მათ უნდა შეძლონ საკუთარი თავის იდენტიფიკაცია და საკუთარი იდეების შეთავაზება ამომრჩევლებისთვის“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებით ჩანს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უფრო მეტად რესურსია ხელისუფლებისთვის, ვიდრე ოპოზიციისთვის.
„გარკვეული ოპოზიციური ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოირეცხონ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორის კლიშე, მაგრამ ამისთვის მხოლოდ დისტანცირება არ არის საკმარისი“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
პოლიტოლოგის შეფასებით, თუ ოპოზიციამ ხმების წამოღება ვერ შეძლო, შეიძლება უფრო მძიმე სურათი დადოს 2024 წლის არჩევნებზე, ვიდრე ეს 2020 წელს მივიღეთ.
„არჩევნებამდე 1 წელია და საკმარისი დროა იმისთვის, რომ ოპოზიციამ წელში გამართვა შეძლოს. მეორე და უმნიშვნელოვანესი, არ უნდა დაკარგონ ევროკავშირის თემა“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
ამასთან, მან პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ განცხადება შეაფასა, რომელიც ხელისუფლებას ს კლინიკა „ვივამედიდან” სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
„თუ ვინმეს შეუძლია „ქართული ოცნების“ ან ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ხმების წამოღება, რომლისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად მიუღებელია, პირველ რიგში, ეს არის პარტია „საქართველოსთვის“ „ლელოსთან“ ერთად. ამიტომ, ხელისუფლება დიდი ალბათობით, ეცდება, რომ გახარიას პარტიაც „მიდენოს“ ამ საერთო ნაციონალური ყულაბისკენ. ეს განცხადება მორალთან მწყრალი იყო. შეიძლება ასეთი ხისტი ფორმა ამიტომაც აირჩეს, რომ საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნონ, მათ „ნაციონალებთან“ და სააკაშვილთან არავითარი კავშირი არ აქვთ, თუმცა, პოლიტიკაში არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახო“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, საჭიროა არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი და მათი დროული მოგვარება. ხათუნა ლაგაძის განმარტებით, „შეუძლებელია „სირაქლემას პოზით“ რამე მოვიგოთ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც