ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას

საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ვადასტურებ მიდგომას, რომელიც არ შეცვლილა – ჩვენ, როგორც საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი უწყება მზად ვიყავით და ვართ, ნებისმიერ დროს ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ადამიანის უფლებების მიმართულებით , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატის სოფიო ხორგუანის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

აქვე თოთლაძემ აღნიშნა, რომ მათ შორის ადამიანის უფლებების მიმართულებით დიალოგზე ქართული მხარე მზად იყო, თუმცა მისივე თქმით, “სამწუხაროდ, სხვადასხვა მოსაზრებების გამო თავად ევროკავშირმა შეიკავა თავი ქართული მხარის იმ არგუმენტების მოსმენისგან, რომელიც მრავლად არსებობს“.

“პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განმარტება, თუ რას ემსახურება. ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული ეს კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

თოთლაძემ პარლამენტის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი გააცნო. საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა, რომელიც 2021-2025 წლებს მოიცავს, მიმდინარე წლის იანვარში, ჟენევაში გაიმართა.

საქართველოს მიმართ 307 რეკომენდაცია გაიცა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქედან საქართველომ 159 რეკომენდაციას დაუჭირა მხარი.

თოთლაძის თქმით, საქართველო მხარს არ უჭერს 148 რეკომენდაციას, მათ შორის არ იღებს რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციისგან და ასევე იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან ლოიალობის გამო საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ.

ხათუნა თოთლაძის განცხადებითვე, საქართველო ასევე მხარს არ უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც სახელმწიფოს ან უკვე შესრულებული აქვს ან შესრულების პროცესშია, აგრეთვე მხარს არ უჭერს რეკომენდაციებს, რომლებიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ