ჭავჭავაძეზე მსვლელობისას სავარაუდოდ 7 ადამიანია დააკავეს - რა ვიცით მათზე
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობისას 9 მაისის ღამეს პოლიციამ სულ მცირე, 7 ადამიანი დააკავა.
ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას თავად დაკავებულები ავრცელებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო რადიო თავისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაკავებულების შესახებ კითხვას არ პასუხობს. ამ დროისთვის ჩვენ ვერ ვაზუსტებთ, რას ედავება პოლიცია დაკავებულებს.
ერთ-ერთი დაკავებულის, თინა ვაშაკიძის თქმით, ის დაკავებიდან რამდენიმე საათში გამოუშვეს, თუმცა დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს.
"მოკლედ ასეთი ამბავი იყო, ჭავჭავაძეზე წაიქცა ასაკოვანი კაცი და მე და ჩემი მეგობარი მივედით ასაყენებლად. წაიქცა რა, პოლიციამ წააქცია. როგორც კი დავიხარეთ, ეგრევე წაგვაქციეს, მიწაზე დაგვყარეს და 7 პოლიციელი გვირტყავდა წიხლებს თავში და გვერდებში. ჩემი მეგობარი შეტენეს მანქანაში და მე თავად მათმა უფროსმა მომკიდა თმებში ხელი და წიხლით შემტენა მანქანაში. მანქანაში და განყოფილებაში აღარ ვუცემივართ. მოვითხოვე ექიმი, სასწრაფო, არაფერი. რომ ნახეს ბევრს ვლაპარაკობდი იქიდანაც გამომაგდეს ეგრევე, დამჯდარი ტელეფონით და უფულოდ" - ასე აღწერს თინა ვაშაკიძე მისი დაკავების ამბავს. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობაში ყავდათ გადაყვანილი დაკავების შემდეგ, რომელიც თბილისის საერთაშიროსო აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. თინას ინფორმაციით, აქციაზე სულ 7 ადამიანი იყო დაკავებული და იმ დროს, როცა ის გაათავისუფლეს, ყველა სხვა დაკავებული პოლიციის სამმართველოში რჩებოდა.
ხელწერილით არის პოლიციის სამმართველოდან გაშვებული და კლინიკაში სამედიცინო შემოწმებისთვის გადაყვანილი კიდევ ერთი დაკავებული, კინომცოდნე, მთავარი არხის დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, ლევან აბდუშელიშვილი.
"კარგად ვარ მეგობრებო, სასწრაფო მანქანაში ვარ და ინგოროყვას კლინიკაში გადავყავარ. თავში მირტყეს საკაიფოდ და სამედიცინო შემოწმებაზე" - დაწერა მან ფეისბუკზე მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილება დატოვა.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია კიდევ ერთი დაკავებულის ვინაობა - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით აკავებდა, ნინიკო შენგელაიაა. მისი დაკვების კადრები ჟურნალისტმა, მარი ნიკურაძემ გადაიღო. მეგობრების ინფორმაციით, პოლიციის სამმართველო ნინიკო შენგელაიამაც დაკავებიდან რამდენიმე საათში დატოვა.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია კიდევ ორი დაკავებულის ვინაობა - ესენი არიან ვატო ბჟალავა, ზურა ეგეტაშვილი და ტოტო ბობოხიძე. დაკავებულებს შორის უნდა იყოს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის ვინაობის დადგენაც ვერ ხერხდება.
ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა მას შემდეგ მოაწყვეს მსვლელობა, რაც რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლიდან დააკავეს ბლოგერი, "აგენტების კანონის" აქტიური მოწინააღმდეგე უჩა აბაშიძე. ჭავჭავაძეზე მსვლელობის მონაწილეები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, ვინც უჩა აბაშიძის მხარდასაჭერად იყვნენ შეკრებილები მის სახლთან, სანამ პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა - ამ პროცესის განმავლობაში უჩა აბაშიძეს არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება. აბაშიძის უფლებადამცველი მხოლოდ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა მის საცხოვრებელ სახლში.
უჩა აბაშიძე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლოს მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და კიბერდანაშაულის ჩადენას ედავებიან, ორთაჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.