„წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარი“ vs „ქოცები გაიქცნენ“ – „ოცნება“ და ოპოზიცია „ჰააგის დეკლარაციაზე“

„შესაძლოა, „ქოცი“ დღეს კუდამოძუებული გამოქცეულიყო ჰააგის საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, მაგრამ ის ნამდვილად ვერ გაექცევა ჰააგის ტრიბუნალს“ – გრიგოლ გეგელია

„ქართული ოცნების“ ლიდერები მწვავედ აკრიტიკებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებას, – საქართველოზე კრიტიკული მუხლების ჩათვლით.

ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ „კუდამოძუებული გაიქცა“ კრიტიკული სივრციდან და ნაცვლად რუსეთის კრიტიკისა უმნიშვნელოვანესი პლატფორმის გამოყენებით, მის „საბოტაჟს“ ახდენს.

8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ (OSCE PA), 33-ე ყოველწლიურ პლენარულ სესიაზე მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“;

დეკლარაციაში საქართველოს შესახებ ჩაიწერა, რომ საპარლამენტო ასამბლეა, სხვა მრავალ კრიტიკულ დებულებასთან ერთად, „გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო“.

„ოცნების“ გამოხმაურებები

„საერთაშორისო წესრიგის დასრულების“ მაგალითად დაასახელა საქართველოს შესახებ აღნიშნული კრიტიკული მუხლების მიღება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა, – რომელიც ამჟამად სერბეთში ვიტიზით იმყოფება.

„ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად“, – დაწერა მან ფეისბუკზე.

„ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ორგანიზაციების ქსელი, რომლებიც მშვიდობის, თანხმობის და თანამშრომლობის ხელშემწყობები უნდა ყოფილიყვნენ, დღეს, ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების ხელში, კონფლიქტების წაქეზების და პოლიტიკური შურისძიების არენად იქცნენ“, – დაწერა მან.

„საქართველოს მიმართ გამოჩენილი წინასწარგანზრახული უსამართლობა ცხადად მეტყველებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს“, – ასეთია პაპუაშვილის პოზიცია.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, მაია ბითაძემ კი ფეისბუკზე დაწერა, რომ კენჭისყრის შემდეგ OSCE PA-ს წევრებმა მათთან სინანული გამოხატეს:

„38 ხმით გატანილი ჯო ვილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, წინასწარი დაწერილი და გათამაშებული სცენარი და სხდომის მერე ჩვენ დელეგაციასთან აქტიური კომუნიკაცია და სინანული! იფიქრებდი ადამიანი, თითქოს ჩვენ ვაიძულეთ დაედგათ და გაეთამაშებინათ ეს სცენარი“, – დაწერა ბითაძემ.

მაია ბითაძე ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც OSCE PA-ს სესია პროტესტის ნიშნად დატოვეს. დანარჩენი ორი ნიკოლოზ სამხარაძე და ეკა სეფაშვილი იყვნენ.

მათს ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პერე ჟოან პონსმა ასე უპასუხა:

„ალბათ იცით, რომ სკამების დატოვება, თქვენს ქვეყანაშიც არ იყო კარგი გადაწყვეტილება და თქვენ ზუსტად იმავეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტის სკამების დატოვება ყოველთვის ყველაზე უარესი არჩევანია, ვინაიდან დემოკრატია გულისხმობს ერთად ყოფნას და კონფლიქტების მოგვარების მცდელობას“.

„ქოცები გაიქცნენ“ – „ლელო“

„ლელო/ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „გაქცევად“ შეაფასა მმართველი გუნდის წევრების გადაწყვეტილება და მათ, – როგორც ამას უკვე დიდი ხანია აკეთებს, – „ქოცები“ უწოდა. გეგელიამ განაცხადა:

„ქოცები კიდევ ერთხელ გაიქცნენ, ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, ისე როგორც გასულ წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან და იქამდე ევროპარლამენტის დარბაზიდან“.

„ქოცი გარბის ყველა სივრციდან, სადაც ისმის სიმართლე, სადაც არის თავისუფალი კონკურენცია, სადაც არ ჭრის ქოცური ხრიკები, სადაც არ მუშაობს მდარე „ქოცური“ ვირეშმაკობა. ქოცი მირბის ყველა იმ სივრცეში, სადაც არის დიქტატურა, კორუფცია, უკანონობა, ძალმომრეობა“, – განაცხადა მან.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს ირწმუნებენ, რომ რეზოლუციებს, რომელსაც იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩალის ფასი აქვს, მაგრამ ზუსტად იციან, რომ ამას ფასი აქვს და ამ ფასის გადახდა მოუწევთ