6 ივლისს 2026 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან ტესტირებაზე 95%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა. დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებები ცალსახაა – ტესტი ძალიან ადვილი იყო და ამაზე რთულ დავალებებზე უმუშავიათ. როგორც გამოსაცდელები EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან საუბრობენ, წერითი დავალების, ესეს თემა ძალიან მოეწონათ
დადებითი ემოციებით გამოვიდა ინგლისურის გამოცდიდან ინგლისურენოვანი სამედიცინო ფაკულტეტის მომავალი სტუდენტი, ანასტასია ხუბლიანი, რომელმაც გამოცდა 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში წერა: “10/10 იყო ესეს სათაური: “Is it important for people to be able to openly and freely express themselves”. საერთოდ არ გამჭირვებია, იგივეს ვიტყოდი მოსასმენზეც, კარგად ისმოდა, რაც მთავარია”.
“რა ვარიანტებზეც აქამდე მივარჯიშია და დამიწერია, ისეთივე სირთულის იყო. გარემოებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე იძაბები უბრალოდ, მაგრამ დამკვირვებლები იმდენად კარგები იყვნენ ახლაც და ქართულის გამოცდის დროსაც, გიხსნიან ნერვიულობის განცდას. ესეს რაც შეეხება, უფრო რთულს ველოდი, კარგი თემა იყო, მომეწონა, არგუმენტად მოვიყვანე ის, რომ დღესაც არსებობს ქვეყნები, სადაც არ გვაქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება და ძალიან იჩაგრებიან ადამიანები, განსაკუთრებით ქალები”, – გვიყვება 39-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული მარიამ იოსელიანი.
ანანო (191-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან): ძალიან მარტივი იყო. 1 საათში დავასრულე, უფრო სწორად უფრო ადრე, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ დავრჩი, გადავხედე, მერე მომწყინდა და გამოვედი. მე ვფიქრობ, ეს ტესტი არავისთვის იქნება რთული. ყოველ შემთხვევაში ჩვენი თაობისათვის, რადგან ჩვენს თაობაში ასე თუ ისე, ყველამ იცის ინგლისური. თემა ძალიან კარგი სამსჯელო მოვიდა. უამრავი რამის დაწერა შეიძლებოდა. მართლაც ბევრი დავწერე, ადგილი მთლიანად გამოვიყენე და კიდევ მეტის თქმა შემეძლო. თავისუფალი აზრის გამოხატვის მნიშვნელობაზე იყო და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ახლა ეს ძალიან აქტუალურია. ამიტომ, არ მეგულება ახალგაზრდა ამაზე ნაფიქრი რომ არ ჰქონდეს. დავწერე, რომ ჩვენი თაობისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იგივეა, რაც სუნთქვის შეზღუდვა და ამიტომ ამას არავინ შეეგუება. კარგ ქულას ველოდები.
ანდრო გაგუა (191-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან): სიმართლე გითხრათ, რთული არ იყო, უბრალოდ ნელა უნდა გამეკეთებინა, რომ გამეაზრებინა. მართალია 1 საათში გამოვედი, მაგრამ ჩემთვის ეს ნელი იყო. რაღაც კითხვები იყო, რაზეც პასუხი ეგრევე არ მქონდა და რამდენჯერმე წაკითხვა მომიწია. თემა მოვიდა თავისუფალი აზრის გამოხატვის მნიშვნელობაზე. დავწერე, რომ ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ბევრი უსამართლობა ხდება, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება ყველასთვის თანაბრად დაცული არაა, ამიტომ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ. მოსასმენი დავალება ამერიკის თეთრ სახლზე იყო, მის ისტორიაზე და იმაზე, თუ რა ცვლილებები შემოიღეს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ. ყველა მოსასმენი დავალება, ჩემთვის, უაზრო და დროის დამკარგავია. ადვილად დავწერე. დიდი ხანი დასჭირდათ, რომ მოსულიყვნენ და ჩაერთოთ, ალბათ ათი წუთი მაინც.
“იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისურს უფრო ვსწავლობდი, ვიდრე ქართულს, არცერთის დაწერა არ გამჭირვებია, ორივე მარტივი იყო. ქართულის გამოცდიდანაც ერთი საათით ადრე გამოვედი და ახლაც. ინგლისურში მთლად 70 ქულას არ ველოდები, მაგრამ 65-ს მაინც ავიღებ. თემა, დაახლოებით, ასეთი იყო – ადამიანებმა საკუთარი აზრი გახსნილად უნდა გამოთქვან და არაფრის არ უნდა შეეშინდეთ. მოსასმენი ორჯერ მოგვასმენინეს და არც ეს გამჭირვებია. საერთო ჯამში, ინგლისურის გამოცდა ძალიან მარტივი იყო”, – აცხადებს 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ელენე მაისურაძე.
ტესტირება მარტივი აღმოჩნდა ანდრია კვარაცხელიასთვისაც. როგორც აბიტურიენტმა გვითხრა, 70-დან 70 ქულას ელოდება:
“ტესტირების სირთულეს თუ 10 ქულით შევაფასებთ, 1 ქულას დავუწერდი. დარწმუნებული ვარ, სხვებისთვისაც ისეთი მარტივი იყო, როგორც ჩემთვის. ინგლისურში მხოლოდ 5 თვის განმავლობაში ვემზადებოდი. ქარულის გამოცდაც მარტივი იყო, თუმცა ინგლისური – უფრო მეტად. კმაყოფილი ვარ.”.
მაკა (191-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან): მნიშვნელოვანია თუ არა, რომ აზრის გადმოცემა თავისუფლად და ღიად შეგეძლოს – ამაზე უნდა გვემსჯელა და კარგი თემაა, ვფიქრობ კარგად დავწერე. მოსასმენიც კარგად ისმინებოდა, მარტივად აღსაქმელი ტექსტი იყო, ამიტომ ეს ტესტი არავის უნდა გასჭირვებოდა. მოსასმენი დავალება თეთრი სახლის ისტორიაზე იყო: საიდან წამოვიდა სახელი, ვინ ცხოვრობდა, რომელმა პრეზიდენტმა რა ცვლილება შემოიტანა და ა.შ.
მე მეორედ გავდივარ გამოცდებზე, მეორე ბაკალავრიატზე ვაბარებ, ამიტომ არ მოვმზადებულვარ. მგონია, რომ ტესტები ახლაც და 4 წლის წინაც ერთნაირი სირთულისაა, თუმცა როცა სკოლის დასრულების შემდეგ გამოცდებზე პირველად გავდივართ, გამოცდილება არ გვაქვს და ვნერვიულობთ. ნერვიულობა ის ფაქტორია, რაც წერაში ხელს გვიშლის. ახლა მე აღარ ვნერვიულობდი და ეს სიმშვიდე მაქსიმალური შედეგის დადებაში ძალიან დამეხმარა. მხოლოდ შეუჩვევლობისა და ნერვიულობის გამო ვზარალდებით. 4 წლის წინ ინგლისურის გამოცდაზე წერილსაც ვწერდით, ახლა აღარ დამხვდა. თუმცა, არ ვიცოდი, რომ აღარ იქნებოდა. ამ მხრივ, ალბათ, კიდევ უფრო გამარტივებულია, რადგან წერილში ტექნიკური შეცდომა შეიძლება დაუშვა და ქულა დაგაკლდეს. აბიტურიენტებს ვურჩევდი გამოცდებისთვის მზადება უფრო ადრე დაიწყონ და ყველაფერი ბოლო წლისთვის არ მოიტოვონ.
ინგლისურის გამოცდის მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.




