მაღალჩინოსნები ფინანსურ ჯილდოებს და პრემია-დანამატებს ძველ წესით აიღებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წლების წინ გაუქმებული წესების დაბრუნებას მწვანე შუქი აუნთო. მინისტრის მოადგილეებს, მუნიციპალიტეტების მერების და რწმუნებულების მოადგილეებს კანონი ისევ მისცემს უფლებას ფინანსური ჯილდოები გამოიწერონ. თუკი ჩინოვნიკები ღამეს გაათენებენ და ბევრს იმუშავებენ ეს უნდა დაუფასდეთ – ასე ხსნიან “ქართულ ოცნებაში” ფინანსური ჯილდოების დაბრუნებას.
მინისტრის მოადგილის წლიური შემოსავალი ასი ათას ლარს აღემატება – თავის დროზე “ქართულმა ოცნებამ” პრემია-დანამატებზე უარი ქამრების შემოჭერის პოლიტიკის და კორუფციის პრევენციის მიზეზით თქვა, ახლა კი როგორც ჩანს აღარც ქამრების შემოჭერაა საჭირო და ვეღარც კორუფციის საფრთხეს ხედავენ.
რატომ უნდა მიიღოს მინისტრის მოადგილემ პრემია-დანამატი, იმის გამო, რომ სამსახურში დამატებითი საათები გაატარა და ღამითაც იმუშავა? – საბა ბუაძე იხსენებს 2017 წელს, მესამე სექტორის აქტიური მხარდაჭერით როგორ გაუქმდა პრემია-დანამატები პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, დღეს კი იგივე პრაქტიკა ბრუნდება. კორუფციული მექანიზმის დაბრუნება და კონტროლის დამატებითი რგოლი – ასე აფასებს მესამე სექტორი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ფინანსური ჯილდოების მიღების შესაძლებლობის დაბრუნებას.




