ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცოლზე ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პენიტენციურის თანამშრომელი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა, 2023 წლის 26 ნოემბერს, ქ. რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე – 1980 წელს დაბადებულ ქალზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა:
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის შესახებ დაზარალებული ქალის შეტყობინების მიღების შემდეგ, უმოკლეს დროში უზრუნველყო გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რის შემდეგაც ჩვენს მიერ ოჯახში ძალადობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა სამართალდამცავი“ — აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ცნობით, ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.
ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფოს აქვს დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის არის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრები და 2023 წლიდან – ფულადი კომპენსაციაც.
აღნიშნული სერვისებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობის, ასევე იძულების შემთხვევაში, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნომერზე 112, ან დარეკოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე 116 006 [ზარი უფასოა], სადაც 9 ენაზე გაგიწევენ კონსულტაციას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ 112-ის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ პოლიციის გამოძახებას.
ამასთან, შეგიძლიათ მიმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც გაგიწევენ იურიდიულ კონსულტაციას და გარკვეულ შემთხვევებში, სხვა სახის დახმარებასაც.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.