ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველთან მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელა

4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ არჩევნების ორგანიზება მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პროცედურებით არ შემოიფარგლება. საარჩევნო პროცესების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც ხდება არჩევნების ჩატარება.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პრევენციული ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
„როგორც ყოველთვის სახალხო დამცველთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციას, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს, მათ შორის, ტარგეტირებულად ეს ყველაფერი საარჩევნო ადმინისტრატორების წინააღმდეგ. შესაბამისად, ორი ინსტიტუცია შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ჩვენ კომპეტენციების ფარგლებში განვახორციელებთ სათანადო პრევენციულ ქმედებებს, ასევე უზრუნველვყოფთ ამომრჩეველთა და საზოგადოების ინფორმირებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს და უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმაც. „ჩვენ ტრადიციულად არჩევნების წინ ვცდილობთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილის ენის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველა მონაწილეს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო შეგნება, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნები წარიმართოს მშვიდ გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი და საარჩევნო უფლება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია