ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს.
თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ედემ კვარაცხელია სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერსა და მერიის სპორტის განყოფილების ყოფილ უფროსს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზად ედემ კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.