გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში დიდი რაოდენობით ხილი სანაგვეზეა დაყრილი, ხევი კი ფაქტობრივად ატმის ნაგავსაყრელადაა ქცეული. არასაკმარისი მოთხოვნის გამო გლეხები მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ. შედეგად, ბაზარზე გასაყიდად გატანილი პროდუქცია ფუჭდება, ადგილობრივები კი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებიან.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ცხელ და მზიან ამინდში. ე.წ. ყიტაანის ატმის ბაზარში გასაყიდი ხილით დატვირთული ავტომობილების რიგები დგას. თუ გლეხები ვაშლატამას დღის ბოლომდე ვერ გაყიდიან, მაღალი ტემპერატურის გამო პროდუქცია სწრაფად ფუჭდება და მეორე დღეს სარეალიზაციოდ აღარ ვარგა. შედეგად, ფერმერები ზარალდებიან, გაუყიდავი მოსავლის ნაწილი კი გადასაყრელი ხდება.
პრობლემაა ვაშლატამას ფასიც. გლეხების თქმით, წელს მისი სარეალიზაციო ღირებულება განახევრებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიღებული თანხით მოსავლის მოყვანისა და აღების ხარჯებსაც ვეღარ ფარავენ.




